04 დეკემბერი 2024,   12:31
ვრცლად
ომის 981-ე დღე ხარკოვისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა - რუსეთის დარტყმებს 12 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

ომის 981-ე დღე ხარკოვისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქზე რუსეთის დარტყმას 12 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. 34 დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

ხარკოვის გარდა, საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს ოდესის და სუმის ოლქების რამდენიმე დასახლება. იერიშები იყო დედაქალაქზეც. თუმცა, კიევის საჰაერო თავდაცვითმა სისტემებმა ყველა დრონი გაანადგურა.

კრიტიკული ვითარებაა ფრონტზეც. დონეცკის ოლქის ქალაქ სელიდოვეს შემდეგ საოკუპაციო ძალების სამხედროებმა რუსეთის დროშა ხარკოვის ოლქის სოფელ კრუხლიავკაშიც აღმართეს. ბოლო 24 საათში კი, უკრაინული მხარის ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე რუსეთის არმიის ათეულობით შეტევა მოიგერიეს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ მძიმე სიტუაციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ვერც ის დამალა, რომ მეზობელ პოლონეთზე ნაწყენია და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი მიგ 29-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების არგადაცემისთვის გააკრიტიკა.

კრემლი კი ბრძოლის ველზე წინსვლის გასამყარებლად თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან ახალ ხელშეკრულებებს აფორმებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი თეირანთან თანამშრომლობის ახალ ფორმატზე გადადის.

ირანის გარდა რუსეთმა ახალი სტრატეგიული შეთანხმება ჩრდილოეთ კორეასთანაც გააფორმა. სწორედ ეს ფაქტორი გახდა კიევის მხარდამჭერი ქვეყნებისთვის შეშფოთების საფუძველი. თუმცა, შტატებში ისიც ითქვა, რომ პუტინი უკრაინაში გამარჯვებას ჩრდილოეთ კორეის დახმარებითაც ვერ მიაღწევს.

დღის ამბები