21 ნოემბერი 2024,   18:13
ვრცლად
ნდობის ჯგუფის სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

 

ნდობის ჯგუფის სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილეს.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფინანსური დოკუმენტის ის ნაწილი წარადგინა, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ სპეციალურ პროგრამებსა და ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელი თანხების გამოყოფას ეხება.

"აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბიუჯეტთან შედარებით, სამართალდამცავი და ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება, რასაც ნდობის ჯგუფი მიესალმება და აღნიშნულ მიდგომას დადებითად აფასებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ნდობის ჯგუფის სხდომაზე განხილული ფინანსური დოკუმენტის პროექტი მხოლოდ პირველადი ვერსიაა და წლის ბოლომდე, სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო მიღებამდე, ამ უწყებებისთვის დამატებითი თანხების მოძიების მიზნით, ნდობის ჯგუფის წევრები ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან კონსულტაციებს და სამუშაო შეხვედრებს გავმართავთ“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ.

შეხვედრას ნდობის ჯგუფის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და თავდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღის ამბები