21 ნოემბერი 2024,   22:57
ვრცლად
გრანდიოზული დახვედრა UFC-ის ქართველ ჩემპიონს და მთავრობის მილიონიანი ჯილდო - მერაბ დვალიშვილი, გამარჯვების შემდეგ, სამშობლოში პირველად ჩამოვიდა

"მანქანის" წინაშე ოქტაგონზე ჩემპიონებიც კი მარცხდებიან - მერაბ დვალიშვილმა, საჩემპიონო ქამრის მოსაპოვებლად, ურთულესი გზა გაიარა, დაამარცხა 4 ჩემპიონი და მოპოვებული ტიტული ქართველ გულშემატკივრებს წარუდგინა.

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი სამშობლოში დაბრუნდა. გულშემატკივრებმა ჯერ აეროპორტში, შემდეგ კი ფილარმონიასთან, გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს.

საქართველოს UFC-ში უკვე ორი ჩემპიონი ჰყავს - ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი. "მანქანამ" ბოლო 4 ბრძოლა ყოფილ ჩემპიონებს მოუგო. პიოტრ იანი, ჟოზე ალდო, ჰენრი სეხუდო და იმ დროს ქამრის მოქმედი მფლობელი - შონ ო მალი, რომელსაც პირწმინდად სძლია და, სუპერმსუბუქ წონაში, საუკეთესო მებრძოლის ტიტული მოიპოვა.

ქართველი სპორტსმენების უპრეცედენტო წარმატების კვალდაკვალ, საქართველოს მთავრობა ტრადიციას არ არღვევს და UFC-ის ჩემპიონებს, მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას ფულად ჯილდოს, 1 მილიონ ლარს გადასცემს. დვალიშვილის განცხადებით, ეს თანხა, სრულად, ქველმოქმედებას მოხმარდება.

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში, უკვე ზედიზედ, 11 ბრძოლა მოიგო. მისი შემდეგი მეტოქე, ტიტულის დასაცავად, დიდი ალბათობით, უმარ ნორმაგომედოვი იქნება.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები