რეპერი, პროდიუსერი და მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი - P Diddy, იგივე შონ კომბსი დაკავებულია. დანაშაულები იმდენად მძიმეა, რომ პროკურატურამ ბრალდებულს უარი უთხრა 50 მილიონზე, რომელსაც Diddy გირაოს სანაცვლოდ სთავაზობდა, რეპერი ასევე მზად იყო საკუთარი და ოჯახის წევრების პასპორტები ჩაებარებინა.
მას შემდეგ, რაც P Diddy დაიჭირეს, პროკურატურაში რამდენიმე სარჩელი შევიდა. დაზარალებულები საუბრობენ ჯგუფური ძალადობის მეთოდებზე. მათი დიდი ნაწილი რეპერისა და მისი გარემოცვის ხელში მოტყუებით მიღებული ნარკოტიკული საშუალებების შემდეგ ხვდებოდნენ. გამოფხიზლებისას, ზოგიერთი მათგანი იყო ხელშეკრული და სრულიად შიშველი. მათ ცემასა და გაუპატიურებას Diddy კამერებით იღებდა და, როგორც საჩივრებში ვკითხულობთ, ვიდეომასალას პორნოგრაფიად ყიდდა. ელის გრეივი დაზარალებულთა შორისაა, მას 20 წლის წინანდელი ძალადობის კვალი დღემდე ფიზიკური და მენტალური ტრამვების სახით თავს ყოველდღიურად ახსენებს.
P Diddy-ის წინააღმდეგ სარჩელი ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში რეპერის შეყვარებულმა კესი ვინტურამ შეიტანა, თუმცა კესიმ სარჩელი რამდენიმე დღეში გამოიტანა და მათი დაპირისპირებაც დაივიწყეს. რეპერის რეპუტაცია ეჭვქვეშ მაშინ დადგა, როდესაც CNN-მა ექსკლუზიურად მოპოვებული ძალადობის ამსახველი კადრები გაავრცელა. რეიდები ჩაატარა საგამოძიებო უწყებამ დიდის ორ სახლში, საიდან ამოღებული ნივთმტკიცებულებებიც მიანიშნებდა ბევრად მძიმე დანაშაულებზე, რომელსაც რეპერი არ აღიარებს.
დანაშაულები, უმეტესად, წვეულებებს უკავშირდება, რომელსაც P Diddy 1998 წლიდან მართავდა. მას შოუბიზნესის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ - მსახიობები, მომღერლები და, ზოგჯერ, პოლიტიკოსები, თუმცა მათგან ვინ რჩებოდა და ვინ რა სახით მონაწილეობდა იმ დანაშაულებში, რომელიც ე.წ. აფთერ ფართიზე ხდებოდა ეს გამოძიებას ჯერ არ გამოუვლენია. ახლა ყველას ერთი კითხვა აქვს, ვინ იქნება შემდეგი?