21 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
საპარლამენტო სიები ოპოზიციის ნაწილში განხეთქილების მიზეზი გახდა - ნაწილი "გამორჩათ", ნაწილს არ ჰკითხეს, ნაწილი კი თავისი გვარის ამოშლას ითხოვს

გახარიას გუნდის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკურ კულისებშია. ყოფილი პრემიერის საარჩევნო სიაში მიხეილ დაუშვილისთვის, ამჯერად, ადგილი ვერ მოიძებნა. გამორჩათ, თუ უარი თავად თქვა? - დეპუტატი ამტკიცებს, რომ 29 კაციან სიაში არყოფნის მიზეზი პოლიტიკური უთანხმოება არ არის. უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომ მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ნათია მეზვრიშვილისა და ზაზა თავაძის დაწინაურება. ადამიანების, რომლებიც იუსტიციის ყოფილ მინისტრთან და ყოფილ გენერალურ პროკურორთან- ზურაბ ადეიშვილთან ასოცირდებიან.

ყოფილი პრემიერის განცხადებები მიხეილ დაუშვილის არგუმენტებს სრულად გამორიცხავს. გიორგი გახარია ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ამტკიცებდა, რომ მისივე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გამორჩა. პოზიცია მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, რაც გაირკვა, რომ მოქმედი დეპუტატის გვარი სიაში საერთოდ არ ჩაუწერია და აღნიშნა, რომ საქმე "მეგობრულ გაუგებრობას" ეხება.

საარჩევნო სია მორიგი განხეთქილების მიზეზი გახდა "ნაციონალურ მოძრაობაშიც". ზაზა გოგავა, რომელიც მხოლოდ 27-ე ნომრად დასახელდა, ცესკოს საკუთარი გვარის ამორიცხვას სთხოვს. საარჩევნო ადმინისტრაციაში წერილი გაგზავნილია, თუმცა რამდენიმე თვის წინ დაწყებულ უთანხმოებაზე საუბარს თავს არიდებს თავად გენერალი. მათ შორის, დაპირისპირებაზე, რომელიც თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელობიდან მის გადაყენებასა და სოფო ჯაფარიძის დანიშვნას მოჰყვა.

გოგავამდე იყო აჰმედ იმამყულიევი, რომელმაც საარჩევნო სიიდან თავისი გვარის წაშლა საჯაროდ მოითხოვა, რადგან "ნაციონალურმა მოძრაობამ" ის საპარლამენტო სიაში თანხმობის გარეშე ჩაწერა. ცესკოში იმამყულიევის განაცხადი არ შესულა, გოგავას მიმართვას კი საარჩევნო ადმინისტრაცია 6 ოქტომბრამდე განიხილავს.

ოპოზიციაში საარჩევნო სიებთან დაკავშირებული დაპირისპირება მოულოდნელი არ ყოფილა სახელისუფლებო გუნდისთვის. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ უთანხმოება 26 ოქტომბრამდე კიდევ გამწვავდება და სიიდან საკუთარი გვარის ამორიცხვას სხვა პოლიტიკოსებიც მოითხოვენ. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის, "ნაციონალურ მოძრაობას" ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს.

ვინ დარჩება ოპოზიციის სიაში- საარჩევნო ადმინისტრაცია საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს. პარტიული სიების შემოწმებისა და რეგისტრაციის საბოლოო ვადად 6 ოქტომბერია განსაზღვრული.

დღის ამბები