21 ნოემბერი 2024,   22:58
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გერმანიაში - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გავიდა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან

მმართველ გუნდში პრეზიდენტის უცხოეთში ვიზიტებს, სამართლებრივ და მორალურ შეფასებას აძლევენ. სალომე ზურაბიშვილი ამჯერად გერმანიაში, არასამთავრობო ორგანიზაცია "გზის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე იმყოფებოდა, რომელსაც გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეც დაესწრო. გერმანიაში პრეზიდენტის ვიზიტს მიხაილ როთი სოციალური ქსელითაც გამოეხმაურა. მმართველმა გუნდმა კი, გერმანელ პოლიტიკოსს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა - თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, ოპოზიციის მხარდაჭერა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა.

ოპოზიცია საზღვარგარეთ პრეზიდენტის ვიზიტებში პრობლემას ვერ ხედავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი პროევროპული კურსის დამცველია.

ბერლინში სალომე ზურაბიშვილი ვალტერ შტაინმაიერსაც შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი მორიგ ჯერზე გავიდა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. საქართველოში რევოლუციური სცენარის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია "გზის" აქტივობაში მისი მონაწილეობა კი "ქართული ოცნებისთვის", კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ პრეზიდენტი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხვალ სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს.

დღის ამბები