საქართველოში ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისთვის მოქმედი რამდენიმე ტიპის სახელმწიფო პროგრამა არსებობს. მათ შორის, ყველაზე კომპლექსური საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც ყველა მოქალაქეს, რომლის წლიური შემოსავალიც არ აღემატება 40 000-ს ლარს, ოჯახის ექიმთან კონსულტაციას, გამოკვლევას, ჰოსპიტალიზაციასა და სხვა სერვისებს სახელმწიფო უფასოდ ან თანადაფინანსებით აწვდის. გარდა ამისა, არსებობს მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც გარკვეული დიაგნოზების მქონე პირებს სამედიცინო სერვისების სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას სთავაზობს. ასევე, არსებობს მუნიციპალური პროგრამები, რომლებიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და/ან მცხოვრები ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის არსებულ პროგრამებზე და, ასევე, სიახლეებთან დაკავშირებით, "რუსთავი 2-ს" პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, პროფესიით პედიატრს ზაალ მიქელაძე ესაუბრა.
- ბატონო ზაალ, ვიცით, რომ საქართველოში ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით მოქმედი რამდენიმე ტიპის სახელმწიფო პროგრამა არსებობს, ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაა, რომლითაც მოქალაქეების უმეტესი ნაწილი სარგებლობს, შეგიძლიათ გაგვაცნოთ სხვა პროგრამები, რომელზეც ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი თანხა გამოიყოფა და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია?
-საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, არსებობს მთელი რიგი პროგრამები ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც არის ორიენტირებული კონკრეტულ თემებზე. მაგალითად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. ეს არის ერთ-ერთი მსხვილი, ძალიან ეფექტური პროგრამა და ალბათ სამოდელოდ გაიხდის ამ პროგრამას ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა. საკმაოდ რესურსტევადია, ფინანსურად ვგულისხმობ და საქართველო აღმოჩნდა მზად, როგორც ფინანსურად, ასევე, ინფრასტრუქტურულად და შესაძლებელი გახდა ყველა პაციენტის კვლევა.
ჩვენ პაციენტების ე.წ. კვლევა განვახორციელეთ, არამხოლოდ მათი მოსვლით ამბულატორიაში, არამედ, შეიქმნა საოჯახო გუნდები, რომელიც მათ დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე პროაქტიულად შედიოდნენ ყველა ოჯახში და ტესტირების რეჟიმით ადგილზე იკვლევდნენ ყველა პაციენტს. რადგან ეს საშუალება მოგვცა, რომ ოჯახში გვეკვლია ყველა პაციენტი, ჩვენ C ჰეპატიტთან ერთად დავიწყეთ აივ-შიდსის კვლევა და ტუბერკულოზის კვლევა.
ანუ ეს სამეული, რაც შესაძლებელი იყო ერთ შესვლაზე ჩატარებულიყო, ერთად გამოიკვლევა. ამან საკმაოდ კარგი ეფექტი მოგვცა, მხოლოდ C-ჰეპატიტისგან გადარჩენილი გვყავს 100 000-მდე მოქალაქე. ახლახან დაიწყო, ასევე, B-ჰეპატიტის კვლევა და ასევე ჩაერთვება ელიმინაცია B-ჰეპატიტისა, რაც იქნება წინ გადადგმული მეორე ნაბიჯი ამ მიმართულებით, რასაც ჰქვია ინფექციების მართვა.
ასევე, მსხვილი პროგრამა არის ტრანსპლანტაციები. პირველ ეტაპზე ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა, ასევე, რესურსულად საკმაოდ მძლავრია, საუბარია, ერთ ბენეფიციარისთვის დაახლოებით 120-130 000 ლარზე და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჩართულობა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია. სხვა მხრივ, მოქალაქე ვერ შეძლებს დაძლიოს ასეთი გამოწვევა.
წარმოიქმნება თუ არა პრობლემა, არსებობს ჯგუფი, რომელიც იკვლევს ამ პრობლემებს და ბენეფიციარების, ადგილობრივი ხელისუფლების, ჯანდაცვის სპეციალისტების ჩართულობით იქმნება პროგრამები, რაც უზრუნველყოფს ყველა გამოწვევის დაფარვას. თუნდაც ის რად ღირს, რომ ბავშვებზე ზრუნვა სხვა ეტაპზე გადავიდა," - აცხადებს ზაალ მიქელაძე.
- არასრულწლოვანი ბავშვების ონკოლოგიურ პროგრამასა და საზღვარგარეთ უფასო მკურნალობასთან დაკავშირებით, რა შეგიძლიათ გვითხრათ?
-ზოგადად ონკოლოგია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და მეტ-ნაკლებად მოხდა ამ მიმართულებაში სახელმწიფოს ჩართვა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანდათან განვითარდა, და დასაწყისში თუ იქ იყო გარკვეული ფინანსური შეზღუდვა 12 000-15 000 ლარი ქიმიო და სხივური თერაპიის, ან ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, გაიზარდა ეს ლიმიტი.
თუმცა, თანამედროვე სამყაროში შეიქმნა მედიკამენტები კიდევ უფრო ეფექტური, ძალიან ძვირადღირებული, ზოგჯერ ერთი ამპულა როდესაც ღირს 6 000-8 000, და ასეთი 10-12 როცა სჭირდება, გესმით ალბათ, რომ შესაძლებლობა ყველას არ ჰქონდა მკურნალობის კურსი დაესრულებინა. ამიტომ, სახელმწიფომ ცალკე გაიტანა ონკომედიკამენტები პროგრამის გარეთ და აბსოლუტურად ულიმიტოა ყველა მოქალაქისათვის, მიუხედავად მისი სოციალური თუ დაზღვევის სტატუსისა, ყველას მედიკამენტებზე ეძლევა სრული წვდომა შეზღუდვის გარეშე.
აქ უკვე რთული პრობლემა, რაც წარმოიქმნა ეს არის ბავშვთა ონკოლოგია, არის მთელი რიგი მიმართულებები ბავშვთა ონკოლოგიაში და ჩარევები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ვერ ხორციელდება მთლად ისეთი, როგორიც არის ლეიკემიის სხვადასხვა ფორმები და ჩარევა, შესაბამისად, ძვლის ტვინის გადანერგვა. ამიტომ, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება და რამდენიმე ქვეყანასთან გააფორმა ხელშეკრულებები. ესენი არიან ჩვენი მეზობელი თურქეთის სახელმწიფო, უფრო ხელმისაწვდომია, ახლოს არის ტერიტორიულად და მოქალაქეების დიდი ნაწილი თურქეთს ირჩევს, თუმცა არჩევანი აქვთ გერმანიასა და ესპანეთზე.
იყო ისრაელიც, მაგრამ იქ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჯერჯერობით შეჩერებულია. იმის მიხედვით, თუ რომელი ონკოლოგია არის პრობლემატური და რომელიც ქვეყანა გამოთქვამს დასტურს, რომ ის ამ პრობლემას მოერევა, იქ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო აგზავნის მოქალაქეებს ყოველგვარი მოქალაქის მხრიდან რაიმე გადახდის გარეშე, ვიდრე ჩვენი სახელმწიფო არ შეძლებს, გამოყოფილი რესურსით, რომ ცალკე აშენდეს ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური ცენტრი და გადამზადდეს შესაბამისი სპეციალისტები. როცა გვეცოდინება და გვექნება დასტური საერთაშორისო ჩვენი მეგობრებისა და კოლეგებისაგან, ექიმებს ვგულისხმობ, რომ ეს ცენტრი იქნება მზად, მერე, რა თქმა უნდა გადმოვერთვებით აქ. იცით ქუთაისის ანდროლოგიური ცენტრი, რომელიც ამ მიმართულებით საკმაოდ დიდ ნაწილს დაფარავს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ უკვე ადგილზე მოვერიოთ ამ გამოწვევებსაც.
- სქესის შეცვლის ოპერაციების თანმდევ რისკებთან დაკავშირებით, აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია და აზრთა სხვადასხვაობა. საქართველოს პარლამენტმა სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება კანონით აკრძალა. რა საფრთხეებს შეიცავს სქესის შეცვლის ოპერაციები ადრეულ ასაკში და რა კვლევები არსებობს, ამასთან დაკავშირებით?
- მე პროფესიით ვარ პედიატრი და, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში გადმოვედი, არ ვტოვებ არცერთ საერთაშორისო ჟურნალს, რომელსაც არ ვეცნობი. ეს ხმაური იცით, რომ ყველაზე მეტად მოდის აშშ-დან და მკაცრი მოთხოვნაა, [ასევე], ევროპის ბევრი მაღალჩინოსნის მხრიდან, რომ ჩვენ შევუერთდეთ მათ მოწოდებებს ერთსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით.
ასევე, მოითხოვენ, რომ მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში ბავშვებს, დავრთოთ უფლება თვითონ განსაზღვრონ თავისი სქესი. თვით ამერიკის პედიატრიულმა საზოგადოებამ, რომელიც საკმაოდ ცნობილი სახეებით არის წარმოდგენილი, დაგმო და მოუწოდა ამერიკის კონგრესს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ გადახედონ ამ ნორმებს, შეაჩერონ, ნუ ღუპავენ თაობებს, იმიტომ რომ, ვინც მედიცინაში ჩახედულია და ვისაც, უბრალოდ ბიოლოგია შეუსწავლია იცის, რომ მხოლოდ X და Y არსებობს და არ შეიძლება რაიმე მესამე არსებობდეს.
ნებისმიერმა ბავშვმა შესაძლოა ბავშვობაში ითამაშოს გოგოს როლი, ან პირიქით, გოგომ ბიჭის როლი სხვადასხვა შინაურულ თუ სასკოლო სცენებში და კარგად გამოუვა ეს სცენა,თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ან მშობლებს ან უკვე მას [ შესაძლებელია სქესის უფლება უნდა მივცეთ]. 12 წელზე ზემოთ უკვე ითხოვენ, რომ ბავშვსაც დავრთოთ ამის უფლება და 8-დან 12 წლამდე კი მშობლებს შეუძლია გადაწყვიტოს, რა ურჩევნია. ეს ყველაფერი იწვევს, ასე ვთქვათ, საუბედუროდ, როგორც ქირურგიულ დასახიჩრებას, ისევე, მედიკამენტოზურ, ამ შემთხვევაში ჰორმონულ დასახიჩრებას. გავიდა რა წლები, იმ ქვეყნებში, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები გარკვეული ასაკის შემდეგ განიცდიან დეპრესიას და ეს დეპრესია არ არის მორიგი, რაღაცით განაწყენებული ადამიანის დეპრესია, არამედ ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მიდის სუიციდამდე და არავის არ შეუსწავლია ამის გრძელვადიანი შედეგები.
თავი რომ დავანებოთ ჩვენს მენტალიტეტს, ჩვენს ტრადიციებს, რომ ეს ყველაფერი მიუღებელია, მე ხაზს ვუსვამ სამედიცინო თვალსაზრისით, როგორც პედიატრის ხედვით, კატეგორიულად მიუღებელია, რომ ამის პროპაგანდა გავწიოთ სკოლაში და ვიღაცები ცდილობდნენ, რომ საბავშვო ბაღებშიც კი შემოეტანათ სწავლების, როლების თამაშების სახით. სკოლებში უკვე აღმოჩნდა საუბედუროდ რაღაც მსგავსი შემთხვევები. ამიტომ გამოვედი სწორედ ინიციატივით, რომ ეს ამ ქვეყანამ არ უნდა დაუშვას. გარწმუნებთ, გავა წლები და ამ ქვეყნის ისტორია ამას სწორედ შეაფასებს.
იმიტომ, რომ ჩვენ აქ უნდა ვიყოთ აბსოლუტურად შეუვალები ნებისმიერ მუქარაზე. ყველაფერზე უნდა წავიდეთ, რომ არ დავუშვათ ეს აგიტაცია და პროპაგანდა, რაც განსაკუთრებით ბავშვებს ეხებათ.
აქვე აღვნიშნავ, ვინმემ არ აურიოს უფლებებში, იმიტომ რომ, მე როგორც ექიმი, როგორც ამ საზოგადოების წევრი კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ ძალადობას მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ. ეს იქნება აბსოლუტურად გამიჯნული და დაცული ყველას უფლება, მაგრამ, ამავდროულად, ვერ მივცემთ უფლებას ეს პროპაგანდა იყოს ყოველდღიური პრესასა და ტელევიზიაში, სოცქსელები მთლიანად დაცული საუბედუროდ არა გვაქვს, მაგრამ სადამდეც შეძლებს სახელმწიფო საკუთარი ბერკეტების გამოყენებას, რომ ეს დავიცვათ, ეს უნდა იყოს დაცული.
- რა პროგრამები არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით და რამდენად ხელმისაწვდომია?
- ფსიქიკური ჯანმრთელობა ცალკე გატანილია, საყოველთაო ჯანდაცვის მიღმაა ეს პროგრამაც და მთლიანად სახელმწიფოს მიერ იფარება, როგორც კვლევა, დიაგნოზის დადგენა, ასევე, მკურნალობა შეზღუდვის გარეშე. შეზღუდვაში ვგულისხმობ მიმართვის რაოდენობას - რამდენიც დასჭირდება ბენეფიციარს, იმდენი მიმართვის შესაძლებლობა აქვს, როგორც ბენეფიციარს, მხარდაჭერის საჭიროების შემთხვევაში მის ოჯახს. მწვავე შემთხვევაში კონკრეტულ დღეთა რაოდენობა, თუ ეს ქრონიკული თემაა და მას სჭირდება ხანგრძლივი დაყოვნება, 365 დღეც კი შეიძლება დაყოს კლინიკაში. სრულად ფინანსდება მისი მოთავსება და კვება.
აჭარის შემთხვევაში ვიტყვი, რომ ინფრასტრუქტურა ძალიან კარგად გამართა კერძო მფლობელმა, თუმცა პროგრამა სახელმწიფოა და თანხას სახელმწიფო ურიცხავს.
პარალელურად, დამატებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ბენეფიციარებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ კლინიკაში დაყოვნება, ცალკე შეიქმნა საოჯახო ტიპის სახლები, თავშესაფრის სტილის, სადაც მაქსიმუმ 24-მდე ბენეფიციარი არის განთავსებული.
ასევე, არის ე.წ. გერიატრიული ასაკოვანი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქტიური მკურნალობა არ სჭირდებათ, უბრალოდ საჭიროებენ თავშესაფრის გამოყენებას მხოლოდ, ამ შემთხვევებსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო იღებს მთლიანად საკუთარ თავზე, იმდენ დღეს, რამდენიც დასჭირდება ბენეფიციარს.
- სახელმწიფოს რა პროგრამები აქვს სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებისა მიმართულებით?
-როგორც სახელმწიფოს აქვს სახელმწიფო პროგრამები ამ მიმართულებით, ასევე არის ადგილობრივი ხელისუფლებების, რეგიონების, მუნიციპალიტეტებს ცალკე აქვთ პროგრამები ამ მიმართულებით და იცით, რომ განათლების სამინისტრო ყველა სოციალურად დაუცველ სტუდენტს, განათლების ხარისხიდან გამომდინარე, ქულების სისტემას ვგულისხმობ, წარმატებულ სტუდენტს აკადემიური მოსწრების მიხედვით, ყველა სტუდენტს უფინანსდება სოციალური ქულის მიხედვით სწავლა.
- რა პროგრამები მოქმედებს საქართველოში შშმ პირთა ხელშეწყობისთვის?
- რაც შეეხება შშმ სტატუსის მქონე ადამიანებს, როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს, კატეგორიის მიუხედავად, ყველა მათგანი არის ჩართული ყველა სახელმწიფო პროგრამაში, როგორც საყოველთაო, ისე ნებისმიერი, და განსაკუთრებით, აჭარის შემთხვევაში ყველა პროგრამა არის მორგებული, რომ გახსნით სამინისტროს გვერდს, იქნება ამ ადამიანებზე ზრუნვით, კვლევა იქნება, მკურნალობა, დამატებით რაც შეიძლება წარმოიქმნას საყოველთაო ჯანდაცვის მიღმა, თუნდაც ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში - თანაგადახდა, რომელიც ეკუთვნის კატეგორიის მიხედვით - ვიღაცას 10%, ვიღაცას 20%, მთლიანად აჭარის ჯანდაცვა იღებს საკუთარ თავზე.
რადგანაც აჭარას გაცილებით მეტი რესურსი აქვს ფინანსური, საკურორტო შემოსავლების, ასე ვთქვათ კარგი ეკონომიკური წინსვლების გამო, გაუჩინა შანსი, რომ არა მხოლოდ მკურნალობის, არამედ შემდეგ ეტაპზეც გადავსულიყავით. აჭარაში პრაქტიკულად ყველა ამ საჭიროების მქონე ადამიანს უკვე რეაბილიტაციაც უფინანსდება და დაახლოებით 12-მდე სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამა მუშაობს.