21 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
"ზუსტი რიცხვის გამოთვლა მიჭირს, მაგრამ 10 მილიონ ლარზე მეტ თანხაზეა საუბარი ზარალის მხრივ, ფინანსისტები დაითვლიან, რამდენად რელევანტური იქნება კომპანიისთვის იმ ტერიტორიაზე საქმიანობის გაგრძელება - "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" ადვოკატი

"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი "დღის კურიერის" ეთერში სტუმრობისას პასუხობს კითხვას, თუ როგორ ხედავს კომპანია სამუშაო პროცესის გაგრძელებას ჭიათურაში, იმ პროტესტის ფონზე, როდესაც, მეშვიდე თვეა, გაჩერებულია 12-დან 7 მაღარო და თავად, კომპანიის თქმით, ყოველთვიურად, მილიონობით ზარალი ადგება. ადვოკატის თქმით, მდგომარეობა საკმაოდ სავალალოა.

"ძალიან სავალალო მდგომარეობაა. კომპანია არ ცდილობს ამ საკითხებთან დაკავშირებით უტრირებას. რეალობის გადმოცემაც კი ძალიან გვიმძიმს. რამდენიმე კომპონენტისგან შედგება ზიანი - ეს არის ის ხელფასები, რომლებიც დასაქმებულებზე ამ ეტაპზე გაიცემა ტყუილად, რადგან ისინი სამუშაოებს ვერ ახორციელებენ. ეს არის ის ზიანი, რომელიც მაღაროებს ადგებათ იმის გამო, რომ ვერ ხდება ვენტილაცია და ძალიან დიდ ზიანზეა აქ საუბარი. მარტო ტყუილად გაცემული ხელფასების რაოდენობა 2 თვის წინ, დაახლოებით, 5.5 მილიონი ლარი შეადგინა და, რა თქმა უნდა, საუბარი არის იმ მიუღებელ შემოსავალზე, რომელსაც კომპანია მიიღებდა თუ სამთო-სამუშაოები განხორციელდებოდა თუ შესაბამისი პროდუქციის რეალიზაცია მოხდებოდა. ახლა ზუსტი რიცხვის გამოთვლა მიჭირს, მაგრამ 10 მილიონ ლარზე მეტ თანხაზეა საუბარი ზარალის მხრივ. ამას უკვე ფინანსისტები დაითვლიან, რამდენად უკვე რელევანტური იქნება კომპანიისთვის იმ ტერიტორიაზე საქმიანობის გაგრძელება, თუ ფინანსურად უფრო მნიშვნელოვანია იქნება ეს გაცემული კომპენსაციების უკან დაბრუნება მოითხოვონ. ამას უკვე კომპანიის მენეჯმენტი თავისი პოლიტიკისა და ფინანსური გათვლების ფარგლებში დაადგენენ და განახორციელებენ," - აღნიშნა ადვოკატმა.

კითხვაზე, ვინ დგას ამ პროცესის უკან და რა არის მათი არგუმენტი, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" ადვოკატი პასუხობს, რომ შესაძლებელია პროცესები გარკვეულწილად იყოს მართული.

"მე არ მგონია, რომ ვინმე, ვინც ამ საკითხებში ან ჩართულია, ან ნებისმიერ მესამე პირს, ვისაც უწევს ამ სიტუაციებზე თვალყურის დევნება ანალოგიური აზრი არ დარჩეს. იმიტომ, რომ როდესაც ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ მხარეებმა მოილაპარაკონ ერთმანეთში და თუ ვერ მოილაპარაკებენ საკითხი სასამართლოს გზით გადაწყვიტონ და, როდესაც კომპანიას არცერთი მიზეზი არ მიუცია მოსახლეობისთვის იმისთვის, რომ მათ ეთქვათ, რომ არ კომპენსაციას არ გვაძლევენ, ან იმუშავეს და თანხა არ მოგვცეს, არცერთი საფუძველი, როდესაც არ არსებობს, მაინც ეს ადამიანები ჯიუტად, გაუგებრად, გაურკვეველი პროცესების წარმოებით, მართლა რომ ვერ იტყვი ადამიანი, რა უნდათ და რისკენ მიდიან, ერთადერთი აზრი რჩება, რომ ეს პროცესები გარკვეულწილად არის მართული და იმ ადამიანებს თავიანთი გეგმები და ზრახვები აქვთ, რაც მოკლე პერიოდში ალბათ გამოჩნდება. ვინც ჩანან ამ პროცესების გარშემო, ჩემი აზრით, სავარაუდოდ, შესაძლებელია აქტივისტებისგან თუ ამ ორგანიზაციებისგან, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოდიოდეს, ვინც ამ ეტაპზე, ამ პროცესებს გარკვეულწილად უკეთებენ უტრირებას, ან არასამართლიანი კუთხით გაშუქებასა თუ წარმოჩენას. სავარაუდოდ, აქეთ უნდა ვიფიქროთ," - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

ცნობისთვის, უკვე მეშვიდე თვეა, ჭიათურაში პარალიზებულია 12-იდან 7 მაღარო. "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" სოფელ შუქრუთში დაგეგმილ სამუშაოებს ვერ იწყებს. ამის მიზეზი მოსახლეობის ნაწილის პროტესტია, მათ მაღაროები პარალიზებული აქვთ. აქციებს მართავენ დედაქალაქშიც. ადგილობრივების ნაწილი დამატებით კომპენსაციებს ითხოვს. კომპანიამ არაერთხელ გაასაჯაროვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მათ მოსახლეობის უმეტესობას სოლიდური თანხები ჩაურიცხეს, საუბარია მილიონობით ლარზე. აქციის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ თანხა საერთოდ არ მიუღიათ. მოქალაქეების ნაწილი კი ამბობს, რომ კომპანიამ მხოლოდ მიზეზი ჩაურიცხა.

 

დღის ამბები