21 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
რა უნდა მოხდეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ - "მაკკეინის ინსტიტუტის" სავარაუდო სცენარი და საჯარო დოკუმენტი

მოახლოებული არჩევნები და პროცესები, რომელიც შესაძლებელია, ქვეყანაში არჩევნების შედეგებს მოჰყვეს - "მაკკეინის ინსტიტუტის" 10-გვერდიანი ანგარიში სწორედ ამ საკითხებს მიმოიხილავს. დოკუმენტის ავტორი ლორა თორნტონი მოვლენების განვითარების რამდენიმე სცენარს განიხილავს, მათ შორის, წერს, რომ არჩევნებს საქართველოში აუცილებლად მოჰყვება არეულობა, განსაკუთრებით მაშინ, თუკი გამარჯვებას "ქართული ოცნება" მოიპოვებს.

"მაკკეინის ინსტიტუტის" ანგარიშის კონკრეტულ ნაწილს სახელისუფლებო პარტია შემაშფოთებელს უწოდებს. "ქართული ოცნებისთვის" ეს დოკუმენტი მორიგი დადასტურებაა, რომ უცხოური ძალები საქართველოში არეულობისთვის ემზადებიან. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ლორა თორნტორნის მიერ მომზადებული ანგარიში ერთგვარი მითითებაა ოპოზიციისთვის, თუ როგორ უნდა იმოქმედონ არჩევნებში დამარცხების შემდეგ.

ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ, მშვიდ ვითარებაში ჩატარების შემთხვევაში, არჩევნებს პროტესტი არ მოჰყვება, თუმცა, აქვე, ამბობენ იმასაც, რომ თითოეულ ხმას ნებისმიერი ფორმით დაიცავენ.

"მაკკეინის ინსტიტუტის" ანგარიშმა, სახელისუფლებო პარტიის თქმით, დაადასტურა, რომ ოპოზიციის მიზანი არეულობა და დესტაბილიზაციაა. ამ დავალებას ისინი, "ქართული ოცნების" განმარტებით, უცხო ძალებისგან იღებენ. მმართველი გუნდის თქმით, დოკუმენტიდანაც ჩანს, რომ არჩევნებში სწორედ "ქართული ოცნება" იმარჯვებს. ანგარიში, დღეს, მთავრობის მეთაურმაც შეაფასა.

"მაკკეინის ინსტიტუტის" ანგარიში 17 სექტემბერს გასაჯაროვდა. დოკუმენტში წერია ისიც, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისში ვიზიტად მყოფ "მაკკეინის ინისტიტუტის" მისიის წარმომადგენლებს სთხოვდნენ, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დაეყენებინათ.

დღის ამბები