21 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
"ახლა უკვე გვაქვს ქართულად ყველაზე კარგად მოსაუბრე ხელოვნური ინტელექტი" - ქართველი ნოვატორების პირველი წარმატებული ექსპერიმენტი

მსოფლიოს განვითარების პარალელურად, იხვეწება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებიც. AI ახლა გაცილებით ჭკვიანია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ამ მიმართულებით საქართველომაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და შეიქმნა ქართული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც AI ტექნოლოგიას ხალხთან მშობლიურ ენაზე აახლოებს.

ორი წლის წინ, ახალგაზრდა ნოვატორთა ჯგუფმა გადაწყვიტა შეექმნათ ქართულენოვანი ChatGPT-ი. "რუსთავი 2" იდეის ავტორს და კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს ზაალ გაჩეჩილაძეს ესაუბრა.

AI Lab-ის თანადამფუძნებელის თქმით, ქართული chatgpt-ი პროექტის განხორციელების პროცესში მთავარი გამოწვევა მაღალი ხარისხის დიდი რაოდენობის ტექსტების არ არსებობა აღმოჩნდა.

"chatgpt-ის გამოსვლისთანავე დავიწყე ფიქრი, როგორ შეიძლება, შეგვექმნა ჩატბოტის ქართული ვერსია. ჩვენი მთავარი გამოწვევა, კარგი ხარისხის დიდი რაოდენობის ტექსტების წარმოება იყო. სხვადასხვა პრობლემის გამო, არსებული ტექსტები ამ ხარისხით არ იყო ხელმისაწვდომი. გადავწყვიტეთ, რომ პირველ რიგში გაგვეკეთებინა ისეთი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც თარგმანს აიღებდა საკუთარ თავზე - ინგლისურ ტექსტებს გადმოთარგმნიდა ქართულად. თავიდან ვიფიქრეთ, რომ არსებობდა კონკრეტული პროგრამები, რომლებიც მუშაობს ნორმალურად, მაგალითად, google translate-ი.

გვინდოდა, რომ შედარებით მარტივ ტექსტებზე ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტები. მაგალითად, საბავშვო ზღაპრების გადათარგმნა, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა - მარტივი ტექსტების თარგმნა უფრო გაუჭირდა "თრანსლეითს". google translate-ს ნასწავლი აქვს ონლაინ გამოცემების ტექსტები, რომლებიც ძირითადად ახალ ამბებს ავრცელებენ, სწორედ ამიტომ, ვერ შეძლო სხვადასხვა მარტივი ტექსტების თარგმნა სრულყოფილად. გვინდოდა, რომ 3 მილიონი ზღაპარი გადმოგვეთარგმნა, რაც, როგორც აღმოჩნდა საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ეს დაბრკოლებები გახდა მიზეზი, შეგვექმნა პირველ რიგში მთარგმნელი ხელოვნური ინტელექტი," - აცხადებს გაჩეჩილაძე.

როგორც ზაალ გაჩეჩილაძე "რუსთავი2-თან" საუბრისას ამბობს, ქართული ენის სირთულიდან გამომდინარე, იდეას თავშივე ჰყავდა კრიტიკოსები, თუმცა ამბობს იმასაც, რომ სწორედ ქართულს არ სჭირდება განსხვავებული მეთოდები, უბრალოდ საჭიროა კარგი ხარისხის ბევრი ტექსტური მონაცემი.

"ეს აღმოჩნდა ძალიან რთული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება, რადგან ამ ერთი წლის მანძილზე სწორედ მისი საშუალებით მოხდა დიდი რაოდენობის ინგლისური ტექსტების გადმოთარგმნა ქართულ ენაზე, იმაზე უკეთესი ხარისხით, ვიდრე ეს ბაზარზე არსებული სხვა კომპანიების მიერ იქნებოდა შესაძლებელი. აღნიშნული იდეის ზოგიერთი კრიტიკოსი ფიქრობდა, რომ გრამატიკა, მორფოლოგია, გაცილებით რთულია სხვა ენებთან შედარებით, ამიტომ საჭირო იქნებოდა სხვაგვარი მიდგომები. იმისთვის, რომ ხელოვნურ ინტელექტს კარგად ესწავლა ქართული. დეკემბერში პირველი მცირე მასშტაბის ექსპერიმენტის პრეზენტაცია მოივაწყვეთ.

ქართულს არ სჭირდება განსხვავებული მეთოდები, უბრალოდ საჭიროა კარგი ხარისხის ბევრი ტექსტური მონაცემები. ამ თავდაჯერებით აღჭურვილებმა დავიწყეთ მუშაობა უფრო დიდ მონაცემებზე, რათა გაგვეწვრთნა უფრო დიდი ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც უკვე გაცილებით ბევრი ინფორმაცია ეცოდინებოდა ქართულ ენაზე. ახლა უკვე გვაქვს ქართულად ყველაზე კარგად მოსაუბრე ხელოვნური ინტელექტი. ჩვენი მიზანია, ეს პროდუქტი ისეთი პირობებით შევთავაზოთ ქართულ ბაზარზე მყოფ ბიზნესს, რომ ჩააშენონ მათ სერვისებში. ეს არის ჩვენი პირველი ნაბიჯი კომერციულ სფეროში. ჩვენი მიზანია, რომ კომერციული გაყიდვები გაიზარდოს, რათა კომპანიას გაუჩნდეს შემოსავალი, რომელიც წინაპირობა იქნება უფრო მეტი საინტერესო პროექტების შექმნისა," - ამბობს გაჩეჩილაძე.

ამასთან, ზაალ გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ტექნოლოგიური სისტემა, რომლის კონტროლიც განხორციელდება ქვეყნის შიგნიდან.

"გვჭირდება, რომ საქართველოში გვქონდეს ისეთი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გვეცოდინება როგორ მუშაობს და ასევე გვეცოდინება მისი გაუმჯობესების ხერხებიც. იმის ნაცვლად, რომ ვიყოთ დამოკიდებული უცხოეთიდან მოწოდებულ მსგავს სერვისებზე, რომელიც ჩვენი კონტროლის ქვეშ არ იქნება. საქართველო არ უნდა იყოს სხვა ქვეყნის საინფორმაციო დიეტაზე. საჭიროა ეს ტექნოლოგიები ქვეყნის შიგნით ვითარდებოდეს, კონტროლდებოდეს და ასევე საჭიროა, რომ გვქონდეს განათლების მიმართულებით ჩატბოტი," - აცხადებს ზაალ გაჩეჩილაძე.

დღის ამბები