26 სექტემბერს, კოპენჰაგენის წმინდა ანას სახელობის სკოლა-გიმნაზიაში, ფოლკლორულმა ანსამბლმა "ბასიანმა" ქართული ხალხური სიმღერის ლექცია-მასტერკლასი გამართა. ღონისძიებას ეთნომუსიკოლოგი ნანა მჟავანაძე გაუძღვა.
ლექცია-მასტერკლასს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია, დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს ელჩი ნატა მენაბდე, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, კოპენჰაგენის წმინდა ანას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები, პედაგოგები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დასასრულ, სკოლის სტუდენტებმა და ანსამბლმა "ბასიანმა" ერთობლივად შეასრულეს აჭარული "განდაგანა" და დანიური სიმღერა. ქართული პოლიფონიური მუსიკისა და სიმღერის ნიმუშებმა სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.