21 ნოემბერი 2024,   22:58
ვრცლად
პრეზიდენტი ამნისტიას ხელს არ აწერს - სახელისუფლებო გუნდი, ზურაბიშვილს ათასობით პატიმრისა და პრობაციონერის ინტერესების უგულებელყოფაში სდებს ბრალს

სახელისუფლებო გუნდი პრეზიდენტს ათასობით პატიმრისა და პრობაციონერის ინტერესების უგულებელყოფაში სდებს ბრალს. "ამნისტიის შესახებ" კანონი პარლამენტმა ერთი კვირის წინ მიიღო, თუმცა მის ძალაში შესვლას პრეზიდენტის ხელმოწერა აკლია. ”ქართული ოცნებაში” აცხადებენ, რომ დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციას 7 დღეა გადაგზავნილი აქვს, თუმცა სალომე ზურაბიშვილი კანონს ხელს ამ დრომდე არ აწერს.

პრეზიდენტის მხრიდან გაჭიანურებულ პროცესს ოპოზიციაში განსხვავებულად აფასებენ. პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამნისტიის შესახებ კანონის არსებული რედაქცია სამართლიანი არ არის და პრეზიდენტის მხრიდან საჭიროა მას ვეტო დაედოს. ნაწილი სალომე ზურაბიშვილის პოზიციას არაჰუმანურს უწოდეს, ზოგიერთს კი მოლოდინი აქვს, რომ კანონი ძალაში სწორედ პრეზიდენტის ხელმოწერით შევა.

პრეზიდენტისგან ვეტოს უფლების გამოყენებას მსჯავრდადებულების გუნდშიც არ გამორიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მსჯავრდებულების და პრობაციონერების მიმართ დამოკიდებულების დემონსტრირება იქნება. ”ქართულ ოცნებაში” თქვეს ისიც, რომ პრეზიდენტის მიზანი, არა მოქალაქეების, არამედ კონკრეტული პარტიის ინტერესებით მოქმედებაა.

თუ სალომე ზურაბიშვილი ამნისტიის შესახებ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს და პარლამენტს არც მოტივირებულ შენიშვნებს გაუგზავნის, მაშინ კანონი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით ამოქმედდება.

დღის ამბები