21 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
558 გარდაცვლილი და 1835 დაჭრილი - ისრაელმა "ჰეზბოლას" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო

ერთი დღის განმავლობაში 558 გარდაცვლილი და 1835 დაჭრილი. ისრაელმა "ჰეზბოლას" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

ლიბანის საავადმყოფოები დაჭრილების რაოდენობის გამო პაციენტებს ვეღარ იღებენ. ქვეყნის სამხრეთით მდებარე რეგიონებიდან ათეულობით ათასი ადამიანი დაბომბვის პარალელურად თვით ევაკუირებას ცდილობს.

ქვეყანაში პარალიზებულია საქალაქთაშორისო მაგისტრალები. შეწყვეტილია სასწავლო პროცესი, გაუქმებულია საჰაერო მიმოსვლა. ბეირუთიდან საელჩოები საკუთარი მოქალაქეების გაყვანას ცდილობენ.

აფეთქებებია ისრაელი-ლიბანის სასაზღვრო ზოლთან მდებარე რაიონებში, ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ბექაას ხეობაში, ჩრდილოეთით სირიის საზღვართან და ბეირუთის მისადგომებთან.

ლიბანის ხელისუფლება მიმდინარე კონფლიქტს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სისხლიანს უწოდებს. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ექვსასამდე ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.

"მოსადის" განცხადებით შეტევის ერთ-ერთი მიზეზი, "ჰეზბოლას" მიერ ლიბანის სხვა და სხვა რაიონებში, სახლებში ისრაელის წინააღმდეგ მიმართული რაკეტების განთავსება გახდა. "ცახალის" შეტევამდე ლიბანელებმა ისრაელისგან ევაკუაციის მოწოდება და მოსალოდნელი დაბომბვის შესახებ გაფრთხილება მიიღეს.

"ჰეზბოლამ" ღაზაში ომის დაწყების შემდეგ "ჰამასს" მხარდაჭერა აღუთქვა. ტერორისტული დაჯგუფება ისრაელზე პერმანენტულ დარტყმებს ახორციელებს. გასულ ღამეს "ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით ორასამდე რაკეტა გაუშვა.

მხარეებს კონფლიქტის დიპლომატიური გზით დარეგულირებისკენ მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატები და "გაერო". ისრაელის პარტნიორები ფართომასშტაბიანი ომის საფრთხეზე საუბრობენ.

ისრაელი ომის ახალი ფაზისთვის ემზადება. ისრაელის სახმელეთო ძალები ლიბანის საზღვართანაა მობილიზებული და სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

დღის ამბები