კაკა, დიდა, კაფუ, რივალდო, ზედორფი და მილანის სხვა ვარსკვლავები - თბილისი ლეგენდების მატჩის მასპინძლობისთვის ემზადება. ხვალ 19 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე ერთმანეთის პირისპირ ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები და იტალიის საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ლეგენდები ითამაშებენ.
ქართველების შემადგენლობაში ითამაშებს კახა კალაძეც, რომელიც ასევე "მილანის" ლეგენდაა და იტალიურ კლუბთან ერთად ყველა პრესტიჟული ჯილდო აქვს მოგებული, გუნდს კი მწვრთნელად ასევე ვეტერანი ქართველი ვარსკვლავი, თემურ ქეცბაია ეყოლება.
მილანის ლეგენდების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კახა კალაძე დახვდათ.
კახა კალაძის თქმით, გულშემატკივარს სასიამოვნო საღამო ელით.
"ვფიქრობ, ქართველ გულშემატკივარს საინტერესო საღამო ელოდება. თბილისში გულშემატკივარი იხილავს თავის საყვარელ ფეხბურთელებს, როგორც ქართველ, ასევე სხვა ეროვნების ფეხბურთელებს, რომლებიც მილანში თამაშობდნენ, იმ ისტორიულ მილანში, რომელმაც, ფაქტობრივად ყველაფერი მოიგო 10 წლის განმავლობაში. მე მიხარია, რომ იმ გუნდის ნაწილი ვიყავი", - აღნიშნა კახა კალაძემ.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი