21 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
უცხოური ძალის მხრიდან საარჩევნო კამპანიაში ჩარევა, ცსკოს დისკრედიტაციის მცდელობა, სახელისუფლებო პარტიის წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანია - "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევებზე საუბრობს

უცხოური ძალის მხრიდან საარჩევნო კამპანიაში ჩარევა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციის მცდელობა და სახელისუფლები პარტიის წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანია - ეს იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რომელიც "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოავლინეს. გივი მიქანაძის თქმით, ნებისმიერი მსგავსი ქმედება საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად და ეს ამერიკის მხრიდან დაწესებულმა სანქციებმა და გერმანელი პოლიტიკოსის ვიზიტმაც დაადასტურა.

მმართველი პარტიის მიერ დასახელებული დარღვევების ნუსხაშია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ წარმოებული ცრუ აგიტაცია და ძალადობრივი ქმედებები. თქვეს, რომ ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა" ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართულ პროპაგანდას ეწევა, ხოლო ჩხოროწყუში კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრმა "ოცნების" შტაბის ხელმძღვანელის მიმართ ძალადობრივი ქმედება ჩაიდინა. ოპოზიციაში ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

ოპონენტების ნაწილის მიერ არჩეული სტრატეგია, სახელისუფლებო გუნდისთვის ოპოზიციის მარცხის გარანტიაა. "ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა გეგმა დესტრუქცია და პროცესების რადიკალიზებაა, პერსპექტივა არ აქვთ.

გამოვლენილი დარღვევების იგნორირებაში მმართველმა პარტიამ არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მიზანმიმართული პროვოკაციებისა და დარღვევების შესახებ ადგილობრივი დამკვირვებლები ინფორმირებული არიან, თუმცა რეაგირება არ ხდება.

მმართველი პარტია წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტზეც საუბრობს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ადმინისტრაციული რესურსი ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა და ამით კიდევ ერთხელ დაარღვია ნეიტრალიტეტის ვალდებულება. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს და მათი გათვალისწინების პირობებში უნდა მომზადდეს შესაბამისი დოკუმენტები.

"ქართული ოცნება" ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების უმრავლესობას მიკერძოებაში ადანაშაულებს და თვლის, რომ მნიშვნელოვანია გამოვლენილი ფაქტები საერთაშორისო მისიების ანგარიშებში აისახოს.

დღის ამბები