21 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
26 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლით და "ქართული ოცნების" მხარდაჭერით, თქვენ იღებთ გარანტიას, რომ საქართველოს ომში ჩართვას ვეღარავინ შეძლებს, ხოლო ომის დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან - ბიძინა ივანიშვილი 

26 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლით და "ქართული ოცნების" მხარდაჭერით, თქვენ იღებთ გარანტიას, რომ საქართველოს ომში ჩართვას ვეღარავინ შეძლებს, ხოლო ომის დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"26 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლით და "ქართული ოცნების" მხარდაჭერით, თქვენ იღებთ გარანტიას, რომ საქართველოს ომში ჩართვას ვეღარავინ შეძლებს, ხოლო ომის დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან. დიახ, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ამის გარანტი, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე, წარმოუდგენელი ძალისხმევის ფასად, ქვეყანას 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა! მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით დღესაც უამრავი რისკი და გამოწვევა არსებობს, პირობას გაძლევთ, რომ პირადად მე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად, საქართველოში ომს და ბომბების წვიმას არაფრის ფასად არ დავუშვებთ!

მშვიდობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ გლობალური ცვლილებების გათვალისწინებით, რაც ჩვენს გარშემო და ზოგადად, მსოფლიოში ხდება, ვფიქრობთ, ახლოვდება დრო, როდესაც დიდი ხნის ნატვრას ავიხდენთ და მშვიდობიანი გზით გამთლიანებულ საქართველოს ვიხილავთ! ამისათვის ნებისმიერ მომენტში უნდა ვიყოთ მზად. შესაბამისად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ამ კუთხითაც ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება. ვერავინ უნდა შეძლოს, წინ აღუდგეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა განხორციელება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისას გახდება აუცილებელი!

როდესაც ქალაქ გორში, ჩემს გამოსვლაში შერიგებისა და ურთიერთპატიების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ქართველ ხალხს, რომ გარდა ომისა და ნგრევისა, გარდა ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, მათთვის სხვა გზა და მიზანი არ არსებობს! ჩვენი ქვეყნის მტრებს ყველაზე მეტად სწორედ მათი სიტყვა და ქმედება ააშკარავებს. უკვე ორ თვეზე მეტია გადაჭრით ვამბობთ, რომ 2008 წლის ომი, გარე დაკვეთით, სწორედ ნაციონალებმა დაიწყეს, თუმცა, არცერთ მათგანს მცდელობაც კი არ ჰქონია, თავი ემართლებინა. გასაგებია, რომ ნაცმოძრაობის მიერ ომის გაჩაღების მტკიცებულებები ხელის გულზე დევს, გასაგებია, რომ ცნობილ რეზოლუციაზე ხმის მიცემით, შემდეგ კი ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, მათ საომარი მოქმედებების დაწყება ისედაც აღიარებული აქვთ, მაგრამ, ალბათ, მსგავს თვითლუსტრაციას მაინც არავინ ელოდა. ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საკითხი სწორედ ის საკვანძო თემაა, რომელმაც მთელი აგენტურა გავეშებული გამოდევნა უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ბუნაგებიდან. მათი რეაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დავალებული ჰქონდათ და აქვთ ერთადერთი რამ - საქართველო იყოს მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის. „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პირობებში, რადიკალურ ოპოზიციას ყველანაირი რესურსი გამოეცლება, საქართველოს გამთლიანებას ხელოვნური ბარიერი შეუქმნას და ქვეყანა მუდმივ კონფრონტაციაში ამყოფოს,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

დღის ამბები