21 ნოემბერი 2024,   23:08
ვრცლად
"კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" ანუ ომის და ბოროტების პარტია, მისი სატელიტური პარტიებით და კოალიციებით, ენჯეოებით და მთელი აგენტურით, ეწინააღმდეგებიან მშვიდობას - ირაკლი ღარიბაშვილი 

"კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" ანუ ომის და ბოროტების პარტია, მისი სატელიტური პარტიებით და კოალიციებით, ენჯეოებით და მთელი აგენტურით, ეწინააღმდეგებიან მშვიდობას - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე რუსთავში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ანუ ომის და ბოროტების პარტია, მისი სატელიტური პარტიებით და კოალიციებით, ენჯეოებით და მთელი აგენტურით, ეწინააღმდეგებიან მშვიდობას, ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ სამშვიდობო ინიციატივას, რამაც შეიძლება დაგვაახლოოს ქვეყნის გამთლიანებასთან, სწორედ ამით აიხსნება ის ისტერია და აგრესია, რაც ვიხილეთ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული შერიგების მოწოდების შემდეგ, ჩვენი ხალხი 30 წელია უყურებს ომს, ქაოსს, არეულობას, ტერიტორიების დაკარგვას და ყველამ კარგად ვიცით, რომ ომით ვერ შევძლებთ ტერიტორიების დაბრუნებას და ქვეყნის გაერთიანებას, ამიტომ ჩვენი სტრატეგიული მოთმინების და მშვიდობიანი პოლიტიკა ქვეყნის ტერიტორიების მშვიდობიანი დაბრუნების და გაერთიანებისკენ არის მიმართული. ბოლო 12 წელი არის ერთადერთი გამონაკლისი პერიოდი როცა ქვეყანაში არ ყოფილა ომი და არ დაგვიკარგავს დამატებითი ტერიტორიები, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი მმართველი, რომლის დროსაც ქვეყანაში დამყარდა 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა და დღეს, ქვეყანაში იგი არის ერთადერთი ადამიანი ვისაც რეალურად შეუძლია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება! ამიტომ, ყველა ბოროტი ძალა ყველანაირად ხელს შეუშლის და შეეწინააღმდეგება მის მშვიდობიან და ქვეყნის გაერთიანებისკენ მიმართულ ეროვნულ-პატრიოტულ პოლიტიკას.

მაგრამ ისევ თქვენი თანადგომით და ჩვენი ლიდერის წინამძღოლობით, ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ დაწყებული საქმე და პირველ რიგში, საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით, ღირსებით, მშვიდობითა და კეთილდღეობით ავიხდინოთ ყველა ქართველის და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქის ოცნება, ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან, თავისუფალ, ევროპულ სახელმწიფოში!

სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა მოვიხადოთ ჩვენი ვალი საკუთარი სამშობლოს წინაშე და იქ დავდგეთ, სადაც მშვიდობა და სიმართლეა! მე დარწმუნებული ვარ ჩვენს გამარჯვებაში, მჯერა 26 ოქტომბერს ჩვენი ბრძენი ხალხი კიდევ ერთ ისტორიულ ნაბიჯს გადადგამს წინსვლისა და განვითარებისკენ, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისკენ!

გაუმარჯოს ქვემო ქართლს, გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას, გაუმარჯოს ქართულ ოცნებას!"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები