წერილი, რომელსაც ხელს სოფელ შუქრუთის მოსახლეობის უმეტესობა აწერს, 2021 წლით თარიღდება. დოკუმენტის ხელმომწერებს შორის არიან დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებიც.
"გადავარჩინოთ შუქრუთი, დატოვოს სოფელი "ჯორჯიან მანგანეზმა" - ამ ლოზუნგით მიმდინარე პროტესტის მონაწილეები, გასაჯაროებული წერილის მიხედვით, თავადვე სთხოვდნენ მადნის მომპოვებელ კომპანიას სამუშაოების დაწყებას.
კომპანიაში ამბობენ, რომ ამ მიმართვის მიუხედავად, ხელმომწერების ნაწილი მაღაროების პარალიზებას მიზანმიმართულად ახდენს და დამატებით კომპენსაციებს ითხოვს. თავად პროტესტის მონაწილეები კი "კურიერთან" დღეს ამტკიცებდნენ, რომ წერილის შინაარსი მათთვის ცნობილი არ იყო.
აქციის მონაწილეების ნაწილი ირწმუნება, რომ კომპენსაციები საერთოდ არ მიუღია. მათ შორის გიორგი ნეფარიძეც. კომპანიამ დღეს მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტიც გაასაჯაროვა, სადაც ნეფარიძე თანხმობას აცხადებს კომპანიის მხრიდან 96 ათას ლარზე მეტის ჩარიცხვაზე. თანხა მის ანგარიშზე გადაირიცხა, თუმცა სხვა რამდენიმე პირთან ერთად, გიორგი ნეფარიძე პროტესტს ამ დრომდე განაგრძობს.
ადგილობრივების ერთ ჯგუფს შანტაჟსა და გამოძალვის მცდელობაში ადანაშაულებენ "ჭიათურა მენეჯმენტში". კომპანიამ დღეს თავად გაასაჯაროვა ის დოკუმენტები, სადაც ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზს" მიმართავდნენ სოფელ შუქრუთში მადნის მოპოვებითი სამუშოები დაეწყო. ამ მიმართვის მიუხედავად კი ხელმომწერების ნაწილი დღეს კომპანიისგან მაღაროების დახურვას, პარალელურად კი კომპენსაციების სრულად გაცემას ითხოვს. კომპანიის იურისტი "კურიერთან" კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პროტესტის ორგანიზატორების უმეტესობას კომპენსაციები უკვე მიღებული აქვს და ამ ფულით მათ უძრავი ქონებებიც შეიძინეს.
კომპანიაში ამბობენ, რომ სოფელ შუქრუთში მცხოვრებ 20-მდე პირს უკვე ექვს თვეზე მეტია მაღაროების მუშაობა ბლოკირებული აქვს. რადიკალური პროტესტი მძიმედ აისახება, როგორც დასაქმებულების სოციალურ მდგომარეობაზე, ისე თავად კომპანიის საქმიანობაზე. ფერხდება კომპენსაციების გაცემა იმ პირებზე, რომელთაც თანხები ჯერ არ აქვთ აღებული.