21 ნოემბერი 2024,   22:26
ვრცლად
ხაზარაძის ახალი პარტნიორები გახარიას წინააღმდეგ - რატომ ვერ შედგა ხაზარაძე-გახარიას ალიანსი

რატომ ვერ შედგა დაანონსებული რეზონანსული ერთობა - მედიატორთან მარტო მისული მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ის შეთანხმებაზე ხელმოწერისთვის მზად იყო, როდესაც გზად გიორგი გახარიას პარტიის განცხადება დაეწია. "ლელოს" ლიდერი ირწმუნება, რომ პრინციპული საკითხები საკუთარ გუნდთან შეთანხმებული ჰქონდა, მათ შორის კოალიციის ახალ წევრებთანაც, რომლებიც ყოფილ პრემიერთან გაერთიანების მიზანშეწონილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ.

საპირისპიროს ამტკიცებენ გახარიას პარტიაში, რომელთაც ვერშემდგარი ერთობის შესახებ განცხადება პირველებმა გაავრცელეს. ყოფილი პრემიერის გუნდში ამბობენ, რომ კომპრომისებზე თავად წავიდნენ, თუმცა ხაზარაძემ საკუთარი კოალიციის ახალი წევრების დარწმუნება ვერ შეძლო.

ხაზარაძის ახალი პარტნიორები ძველი პრემიერის წინააღმდეგ - "კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ ალიანსი კონკრეტული პირობის გამო ვერ შედგა. "ძლიერი საქართველოს" შემატებული წევრები ითხოვდნენ, რომ გახარიას პარტია კოალიციაში თავად გახარიას გარეშე შესულიყო.

არც ანა დოლიძე, არც ალეკო ელისაშვილი და არც ლევან ცუცქირიძე დღეს მედიასთან არ გამოჩნდნენ. თუმცა, მოლაპარაკებების პროცესში მიანიშნებდნენ, რომ ყოფილი პრემიერის პერსონალური ფაქტორი მათთვის მიუღებელი იყო. საჯაროდ აყენებდნენ ეჭვქვეშ გაერთიანების ელექტორალურ შედეგსაც.

ხაზარაძე-გახარიას შერიგების პროცესს ინტერესით აკვირდებოდნენ მათი ოპოზიციონერი კოლეგებიც. ჰქონდათ მოლოდინიც, რომ ერთმანეთთან მწვავედ დაპირისპირებულები გუნდების გაერთიანებასაც შეძლებდნენ.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის ალიანსი ადრე თუ გვიან მაინც შედგება, რადგან მხარეები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებენ. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურებით მხარეები ცდილობდნენ, მათი გაერთიანებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭებინათ.

გახარია-ხაზარაძის გაერთიანების ინიციატორი პრეზიდენტი იყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილის მორიგი პოლიტიკური ინიციატივა ჩავარდა - ოპოზიციონერმა ლიდერებმა მედიატორთან რამდენიმე დღე იარეს, ჰქონდათ ინდივიდუალური შეხვედრებიც - მოლაპარაკება ვერც პირისპირ და ვერც გაფართოებულ ფორმატში ვერ შედგა.

 

დღის ამბები