21 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
მმართველ გუნდში ფრიდონ ბუბუტეიშვილის აღიარება არ უკვირთ, რომლის თქმითაც, გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, საგნების სროლა გიორგი ვაშაძის დავალებით დაიწყო

მმართველი გუნდში ფრიდონ ბუბუტეიშვილის აღიარება არ გაკვირვებით. საუბარია, გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეზე, რომელმაც სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ პარლამენტის მიმართულებით მყარი საგნების სროლა გიორგი ვაშაძის დავალებით დაიწყო. ბუბუტეიშვილის ქმედების შედეგად კი, აქციაზე მეხანძრე-მაშველი დაშავდა. დაკავებულმა სასამართლო პროცესზე პრეტენზია საკუთარ ადვოკატსაც წაუყენა. მისი თქმით, ვაშაძის მსგავსად ის საკუთარი ინტერესების დამცველმაც მოატყუა.

ბუბუტეიშვილის აღიარებითი ჩვენების შემდეგ, მედიასთან თავად გიორგი ვაშაძე არ გამოჩენილა. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა კომენტარის გაკეთება მხოლოდ დღეს ისურვა. ვაშაძე ბუბუტეიშვილის ჩვენებას სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლას უკავშირებს.

სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ფრიდონ ბუბუტეიშვილის საქმემ ოპოზიციის რეალური სახე კიდევ ერთხელ გამოაჩინა. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ "ნაცმოძრაობისა" და მისი იდეური მოკავშირეებისთვის ნებისმიერი ადამიანით მანიპულაცია დასაშვებია. მმართველი გუნდი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მითითებით, კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე მოქალაქეებს დაფიქრებას ურჩევს.

მაისის აქციების დროს დაკავებული პირის აღიარებას, არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა ოპოზიციურ სპექტრში. "სტრატეგია აღმაშენებლის" საარჩევნო პარტნიორ "ნაცმოძრაობაში" ვაშაძის პოზიციას იზიარებენ. "გირჩში" კი ფიქრობენ, რომ თუ ფაქტი დადასტურდა, გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

ვაშაძის პოლიტიკურ და მორალური პასუხისმგებლობაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაშიც. კანონმდებლების თქმით, პარლამენტზე შტურმის მცდელობა რომ ოპოზიციის წახალისებული იყო ეს მათთვის დიდი ხანია ცნობილია. დეპუტატების აზრით, ბუბუტეიშვილის აღიარებამ დაამტკიცა, რომ მათი ოპონენტების რეალური მიზანი, მხოლოდ, არეულობა და ქაოსია.

ფრიდონ ბუბუტეიშვილი მაისში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს დააკავეს. სამართალდამცავები მეხანძრე მაშველის მიმართ ჩადენილი ქმედებისა და პარლამენტის შენობის დაზიანების გამო ედავებიან. ბუბუტეიშვილს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები