21 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
"როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა..." - როგორი იყო ხაზარაძე-გახარიას ორი შეხვედრა ერთ დღეში და რა შედეგით დასრულდა პრეზიდენტთან ვახშამი

სალომე ზურაბიშვილის მედიატორობის მცდელობის პირველი რაუნდი დასრულებულია, შედეგი არ დამდგარა - მამუკა ხაზარაძის თქმით, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გუშინ პოლიტიკურ მტერ გიორგი გახარიასთან, რომელსაც ყოფილი ბანკირი ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერებასა და მუქარაში სდებდა ბრალს, არ დასრულებულა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ტექნიკური საკითხების გამო მხარეებმა პაუზა აიღეს.

"მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, ასევე, მადლობა გიორგის (გახარიას). ჩვენ შევხვდით პირისპირ, ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე. მოლაპარაკება არ არის დამთავრებული, ჩვენ ავიღეთ პაუზა," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი გახარია კი ამბობს, რომ პირადი წყენა დავიწყებულია და ის მზადაა ხაზარაძესთან ითანამშრომლოს, თუმცა "ლელოს" ლიდერს ელოდება, რომელმაც საბოლოო შეთანხმების გასაფორმებლად დრო ითხოვა.

"მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, იმიტომ რომ მე დღეს აქ, პირველ რიგში, ვარ მისი შემოთავაზების გამო. ეს იყო მისი ინიციატივა, რომელზეც ჩვენ არ გვქონდა უარის თქმის უფლება.

როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. ჩემი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა დრო, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ოპოზიციური პარტიების კიდევ ერთ შესაძლო გაერთიანებას აკვირდება "ქართული ოცნებაც," რომელიც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა მოლაპარაკებების მაგიდასთან ხაზარაძე-ჯაფარიძე მხოლოდ იმიტომ დასვა რომ მათ ცალ-ცალკე ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ.

 ცნობისთვის, ორბელიანების სასახლეში მისვლამდე, გახარია-ხაზარაძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს. სალომე ზურაბიშვილმა პარტია "გახარია საქართველოსთვის" და კოალიცია "ძლიერი საქართველო" სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე.

 

 

 

დღის ამბები