21 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
შერიგების პოლიტიკა - "ქართული ოცნება" ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, ურთიერთმიტევებას და მშვიდობიან გზას ირჩევს

”ქართული ოცნება” ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთ გზად, ურთიერთ მიტევებისა და მშვიდობიან გზას ირჩევს. მმართველი პარტიის დამფუძნებლის მიერ, ამ კუთხით, გორში გაჟღერებულ გზავნილებს, რომელსაც ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა, მთავრობის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრი აფხაზი და ოსი თანამემამულეების რეინტეგრაციის უალტერნატივო გზას მხოლოდ არაძალადობრივ მეთოდებში ხედავს.

ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ ომის დაწყების ტვირთი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას უკავშირდება, რაც იმდროინდელმა მთავრობამ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერით თავად დაადასტურა. პრემიერის განმარტებით, სწორედ ამ ქმედებას მოყვა რუსეთის შემოჭრა და დამატებითი ტერიტორიების ოკუპაცია. კობახიძემ ისიც განმარტა, რომ შერიგება და მონანიება ომის დამნაშავეებს არ ეხება, რაც ხელისუფლებამ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში მიღწეული შედეგებითაც დაამტკიცა.

ხელისუფლების პოზიციას სახელმწიფო ინტერესების მიზანმიმართულ დაზიანებად აღიქვამს ყოფილი სახელისუფლებო პარტია. ბრალდებების მთავარ ადრესატ პოლიტიკურ ძალაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ ფორმით სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს.

"ნაცმოძრაობის" დანაშაულსა და ზოგადად ოპოზიციის მიერ ფაქტების ინტერპრეტირების მცდელობაზე, დღეს უმრავლესობის წევრებმა საპარლამენტო ტრიბუნიდანაც ისაუბრეს. თქვეს, რომ ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებულ შერიგების პროცესს, ოპოზიცია დაპირისპირების გაღვივების სურვილით უპირისპირდება.

მმართველი გუნდის შერიგების ფორმულას იწუნებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც. ნაწილი მიიჩნევს, რომ მიტევების აქტი გამართლებული მხოლოდ 90-იანი წლების კონფლიქტებთან დაკავშირებით არის შესაძლებელი.

ოპოზიციას ტყუილსა და სპეკულაციაში ადანაშაულებს მმართველი პარტია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბოდიშის საკითხი ომის დამნაშავეებსა და ოკუპანტებს არ ეხებათ. მამუკა მდინარაძის თქმით, ხელისუფლების ოპონენტები თემის არასწორ ინტერპრეტირებას საკუთარი ლობისტების დაკვეთით ცდილობენ - მიზანი ერთია ქვეყანაში მშვიდობიანი პროცესების დაბრკოლება.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილმა გორში სახელისუფლებო გუნდის სამშვიდობო სტრატეგიაა გააჟღერა. ”ქართული ოცნება” მოსახლეობას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთ გზად, შერიგებისა და მშვიდობიანი რეინტეგრაციის პროცესს სთავაზობს.

დღის ამბები