დაუვიწყარი თავგადასავლები, ზღვის სანაპიროზე ხმაურიანი გართობა, ან მთაში, მშვიდ გარემოში, საყვარელი წიგნის კითხვა. პერიოდი, როდესაც საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანებისთვის მეტი დრო გრჩება, ყოველდღიური სტრესისა და გადაღლილობისგან შორს ყოფნა - შვებულება წლის საუკეთესო პერიოდია.
მაგრამ, როგორ მოვერიოთ შვებულების შემდეგ დეპრესიას?
მიუხედავად იმისა, რომ დასვენებული და მეტად ენერგიული ხარ, შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნება არც ისე მარტივია. ხვდები, დასვენება არ გეყო და სხვა რაღაცების კეთების ხალისი აღარ გაქვს, მათ შორის, მეგობრებთან ერთად გასეირნებისა და განტვირთვის სურვილიც გიქრება, სამსახურის რუტინაზე რომ არაფერი ვთქვათ.
"რუსთავი 2-თან" ფსიქოლოგმა თამარ ლოლაძემ შვებულების შემდეგ დეპრესიაზე ისაუბრა:
"ბევრ ჩვენგანს არ ეთმობა ზაფხულის გასვლა და აუტანელი სიცხის მიუხედავად, მისი გახანგრძლივება სურს. დისკომფორტის მიუხედავად, ესაა შვებულებების, დასვენების, რუტინისგან მოწყვეტის პერიოდი. დასვენების დამთავრების შემდეგ, სასიამოვნო მდგომარეობა საკმაოდ სწრაფად იცვლება სევდით, უკმაყოფილებითა და მოტივაციის არქონით.
თუ ასეთი მდგომარეობა აღგენიშნებათ, მარტო არ ხართ, ეს მდგომარეობა შვებულების შემდგომი სტრესის, ასევე შვებულების შემდგომი დეპრესიის სახელით არის ცნობილი და საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის მონაცემით, აღნიშნული მდგომარეობა ზრდასრულთა 30-40% აღენიშნება. პირველად 50-იან წლებში გამოჩნდა ტერმინი შვებულების შემდგომი ბლუზი.
შვებულების შემდგომი დეპრესია არ არის ფსიქიატრიის დიაგნოსტიკურ სახელმძღვანელოში შეტანილი კლინიკური მდგომარეობა, თუმცა ის რეალურად არსებული ფენომენია, გამოხატული სიმპტომებით და ადამიანის ფსიქიკურ კეთილდღეობაზე საკმაო გავლენას ახდენს.
მისთვის დამახასიათებელია: უხასიათობა, სევდა, მოტივაციის ნაკლებობა, ძილის დარღვევა, შფოთვა და გაღიზიანება. როგორც ვხედავთ, ის ჰგავს კლინიკური დეპრესიის სიმპტომებს, თუმცა ამ შემთხვევაში გვაქვს კონკრეტული გამომწვევი მიზეზი და უფრო ხანმოკლე მიმდინარეობა. სიმპტომები, როგორც წესი, 3-4 დღიდან 2-3 კვირამდე გრძელდება. თუ ნიშნები მეტი ხნით გიგრძელდებათ, შესაძლებელია სხვა მდგომარეობა იყოს მიზეზი და უმჯობესი იქნება თუ სპეციალისტს მიმართავთ," - აღნიშნავს ფსიქოლოგი თამარ ლოლაძე.
მისივე თქმით, შვებულების შემდგომი დეპრესია თავად შვებულებას ნაკლებად უკავშირდება, უფრო - მანამდე არსებულ ცხოვრების წესს, რუტინას და სტრესს სამსახურსა თუ ოჯახში. ამიტომ შვებულების შემდგომ კარგი იდეაა, თქვენი რუტინის გადახედვა და ცხოვრების წესში საჭირო ცვლილებების შეტანა უკეთესი ადაპტაციის მიზნით.
როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, არსებობს კარგად დადასტურებული რეკომენდაციები, რომლებსაც აქ გთავაზობთ:
- შვებულების შემდეგ მიეცით რამდენიმე დღე საკუთარ თავს, არ დაიწყოთ სრული დატვირთვით მუშაობა, არამედ ნელა დაუბრუნდით ჩვეულ რიტმს.
- აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის მოწესრიგება. ზოგჯერ შვებულების დროს ეს რეჟიმი იცვლება, მით უმეტეს, თუ თვითმფრინავით გიწევდათ მგზავრობა ან გართობასთან დაკავშირებით ღამე ჩვეულებრივზე უფრო გვიან იძინებდით.
- თუ შვებულების დროს განცდილი სასიამოვნო ემოციები დაბრუნების შემდეგ სევდიან განწყობაზე გაყენებთ, კარგი იქნება, ცვლილებები შეიტანოთ თქვენს რუტინაში. მეტად აქტიური გახდეთ და რამე სასიამოვნო აქტივობას მოკიდოთ ხელი, რაც გაგახალისებთ და ენერგიას მოგცემთ.
- შესაძლებელია მომავალ შვებულებაზე ფიქრი და დაგეგმვა ახლავე დაიწყოთ, ეს სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.
- ასევე თქვენს მიერ გატარებული შვებულების ფოტოების ალბომის გაკეთება, თვალიერება, გაზიარება კმაყოფილებასაც მოგიტანთ და იმის შეხსენებაც იქნება, თუ რას შეუძლია თქვენი კარგ ხასიათზე დაყენება.
- თუ ყოველდღიურობასთან დაბრუნება შფოთვას იწვევს, აქ მაინდფულნესის პრაქტიკები დაგეხმარებათ (ღრმა სუნთქვა და თვლა; ფეხით სეირნობა და გარემოზე დაკვირვება; ნელა ჭამა, დაგემოვნება, გემოს, ტექსტურას, სურნელზე კონცენტრაცია; სხეულის სკანირება).
- ასევე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შვებულებაში ყოფნის დროს, თქვენი ყოველდღიურობისგან შორს, კარგად ჩანს ცვლილებების აუცილებლობა თქვენი ცხოვრების რომელიმე სფეროში, სადაც შვებულებამდეც სტრესს განიცდიდით. შესაძლებელია, ურთიერთობებში მომწიფდა პრობლემური თემა და მასზე საუბრის დროა, ან სამსახური აღარ განიჭებთ სიამოვნებას და შეიძლება რამე ახალი მოსინჯოთ.
შვებულების შემდგომი სტრესი და დეპრესია დროებითია და საკუთარი შეგრძნებების ამოცნობის და ყურადღებიანი მოპყრობის შემდეგ, როგორც წესი, მალე გაივლის. გისურვებთ თქვენს ცხოვრებასთან მშვიდობიანად დაბრუნებას. წინ არანაკლებ სასიამოვნო და მყუდრო შემოდგომის დღეებია,"- განუცხადა ფსიქოლოგმა თამარ ლოლაძემ "რუსთავი 2-ს".