04 დეკემბერი 2024,   12:56
ვრცლად
როგორ მოვამზადოთ ბავშვი სასკოლოდ სტრესისა და ტრავმების გარეშე - ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

პირველი ნაბიჯები სასკოლო განათლებაში - ყველა ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ამაღელვებელი მომენტია. ბავშვის სკოლაში გაშვება მოითხოვს როგორც ფიზიკურ მომზადებას, ასევე - ფსიქოლოგიურ მზაობასაც.

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მზაობა და როგორ ზეგავლენას ახდენს ის ახალ სასწავლო გარემოში ბავშვის წარმატებულ ადაპტირებაზე - სასკოლო დაწესებულებაში სწავლის დაწყებისთვის ბავშვის მომზადების პრობლემა ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური პრობლემაა. ბავშვების სკოლისთვის მომზადების აუცილებლობა მოიტანა განათლების, როგორც თაობებს შორის სოციალური ფორმის ურთიერთქმედების განვითარებამ.

სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვი იწყებს სხვა ბავშვებთან ურთიერთობასა და სწავლას კოლექტივში, ამ დროს კი ფსიქოლოგიური მზაობა აუცილებელია, რაც ეხმარება ბავშვს, განავითაროს სოციალური უნარები, როგორებიც არის კომუნიკაცია თანატოლებთან და ზრდასრულებთან, ერთობლივი თამაში, კონფლიქტების მოგვარება, კოლექტივში სწავლის უნარი და სხვა.

ტრადიციულად, გამოყოფენ ამგვარი მზაობის სამ ასპექტს: ემოციური, ინტელექტუალური და სოციალური. სამივე მათგანს თავისი როლი აქვს სასკოლო მზაობის პროცესში.

სასკოლო ცხოვრებისათვის მზადყოფნის აუცილებლობასა და ამ პროცესში არსებულ მნიშვნელოვან ასპექტებზე "რუსთავი 2-თან" ფსიქოლოგი ირმა როსტომაშვილი საუბრობს.

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სასკოლოდ სწორად, ტრავმების გარეშე და რა ასაკიდან დავიწყოთ ეს პროცესი?

"ბავშვისთვის სკოლის პირველი დღეების პოზიტიურად და სასიამოვნოდ დაწყებამ შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს სწავლის მთელ შემდგომ პერიოდზე, ამიტომ მშობლებისა (მზრუნველი პირების) და მასწავლებლების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

როდესაც ბავშვი პირველად მიდის სკოლაში, ის ხვდება მისთვის უცხო ფიზიკურ და სოციალურ გარემოში, ამას ემატება ის წესები და შეზღუდვები, რომელიც ამ გარემოს ახლავს და ბავშვისთვის ახალია. ეს ყველაფერი მასში იწვევს შფოთვას; ამიტომ, მშობლებმა უნდა შეამზადონ ბავშვი ამ ახალი გამოცდილებისთვის.

მშობლებს ვურჩევ, სწავლის დაწყებამდე ბავშვს გააცნონ სკოლა და მასწავლებლები, უმჯობესია ეს პროცესი ადრევე დაიწყოთ და არა სკოლის დაწყების წინა დღეებში: დაათვალიერებინოთ მიმდებარე ადგილები; სკოლის პირველ დღეს მას უკვე ექნება დაცულობის, ნაცნობობის განცდა, მოლოდინი, რომ იქ ელოდებიან და ზრუნავენ მასზე.

აუცილებლად ესაუბრეთ სკოლაზე წინასწარ, რის გაკეთება მოუწევს იქ, რამდენ საინტერესო რამეს ისწავლის, რამდენ კარგ მეგობარს შეიძენს და ა.შ. თუმცა, მნიშვნელოვანია, არ შევუქმნათ არარეალური მოლოდინები, რათა ბავშვს ავარიდოთ ამით გამოწვეული იმედგაცრუება. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ვეტყვით ბავშვს, რომ აუცილებლად უამრავ მეგობარს შეიძენს და ძალიან კარგად იგძნობს თავს, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ დასაწყისში ვერ დაამყაროს ისეთი მეგობრული ურთიერთობა სხვებთან, როგორსაც შევპირდით და ეს იმედგაცრუებას გამოიწვევს," - ამბობს ფსიქოლოგი.

სტრესულ გარემოსთან გამკლავება პირველკლასელთათვის - რა სირთულეებს ვაწყდებით აქ და რაზე გავამახვილოთ აქცენტი?

"თუ მშობლები და სკოლის გუნდი ბავშვს შეუქმნის ყველა საჭირო პირობას და შეამზადებს მას სკოლის დაწყებისთვის, ასევე, შემდგომ პერიოდშიც იქნება ბავშვის აქტიური მხარდამჭერი, ადაპტაციის პროცესიც უმტკივნეულო იქნება მისთვის.

თუ სკოლას ჰყავს ფსიქოლოგი, მისი ჩართულობა ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს. მას შეუძლია, დაგეგმოს ისეთი აქტივობები, რომლებიც ბავშვებს დაეხმარება შფოთვისა და ემოციური სირთულეების დაძლევაში, სოციალურ-კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესებაში და ა.შ.

თუ ბავშვი მაინც აწყდება სირთულეებს, უარს აცხადებს სკოლაში წასვლაზე და სხვა დაბრკოლებებიც თავს იჩენს, აუცილებელია მასთან ფსიქოლოგმა ინდივიდუალურადაც იმუშაოს და დადგინდეს მიზეზი," - განაცხადა ირმა როსტომაშვილმა.

რა ცოდნასა და უნარს უნდა ფლობდეს ბავშვი სკოლაში შესვლამდე? 

"სასკოლო ასაკის ბავშვი, მნიშვნელოვანია, ფლობდეს გარკვეულ უნარებს, რაც მას გაუადვილებს სასკოლო საქმიანობაში ჩართვას. მაგალითად, დამოუკიდებლობის უნარ-ჩვევები, რაც გულისხმობს პირადი ჰიგიენის მოწესრიგებას, დამოუკიდებლად ჩაცმა-გახდას, თასმების შეკვრას, საკუთარი და სხვისი ნივთების მოფრთხილებას და ა.შ.

მოტორული უნარების განვითარება - მაკრატლის სწორად გამოყენება, პლასტელინისგან სხვადასხვა დეტალის ძერწვა და ა.შ. 

ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური უნარების განვითარებაზე ზრუნვა. ზოგჯერ მშობლები სწავლის დაწყებამდე ბავშვს ასწავლიან ანბანს, წერა-კითხვას და ამ დროს, ბავშვს არ შეუძლია თანატოლთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება, არ იცავს რიგს, არ უსმენს მოსაუბრეს, არ უზიარებს ნივთებს, ეძახის არასასურველ ზედმეტსახელებს და ა.შ.

როდესაც ბავშვმა წინასწარ იცის ანგარიში, წერა-კითხვა, მისთვის გაკვეთილი უინტერესო ხდება და, თავის შესაქცევად, იწყებს არასასურველ ქცევას.

მშობლებს ვურჩევ, იზრუნონ ბავშვის სოციალური უნარების გაუმჯობესებაზე - განუვითარონ ემპათიის, სხვისი მოსმენის, რიგის დაცვის, ნივთების გაზიარების უნარები. იზრუნონ არა ანბანისა და შეკრება-გამოკლების ოპერაციების დაზეპირებაზე, არამედ - იმ შემეცნებითი უნარების განვითარებაზე, რომლებიც შემდგომ დაემხარება ამ ყველაფრის გააზრებულად დასწავლაში, რაზეც უკვე მასწავლებელი იზრუნებს.

დაეხმარეთ ბავშვს მეხსიერების, ყურადღების, აზროვნების, მეტყველების უნარების გაუმჯობესებაში. არ არის აუცილებელი, ზეპირად მოყვეს უზარმაზარი ლექსი. ამას სჯობს, იმ ამბის მოყოლა შეძლოს თანმიმდევრულად და გამართულად, რომელიც მას თავად გადახდა," - ამბობს ირმა როსტომაშვილი.

ბავშვის კოგნიტური უნარები - როგორ განვუვითაროთ და რას მივაქციოთ ყურადღება? ბავშვის სოციალური, ინტელექტუალური, მოტივაციური მხარეები.

"ბავშვები, ისევე, როგორც ზრდასრულები, ერთამენთისგან განსხვავდებიან ტემპერამენტით,  ხასიათით, სირთულეებთან გამკლავების გზებით და ა.შ. ვინაიდან სკოლაში, ბაღისგან განსხვავებით, მოსწავლე სხვა, ახალი  გამოწვევების წინაშეა, შესაძლოა საწყისი ეტაპი მისთვის სტრესული აღმოჩნდეს.

აუცილებლად მოუსმინეთ თქვენს შვილებს, როცა ისინი რაიმე პრობლემაზე გიყვებიან, რაც არ უნდა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ თქვენ ეს, ნუ აუგდებთ სიტყვას ბანზე და აგრძნობინეთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია მისი ემოციები. ზოგჯერ ბავშვებს მხოლოდ ის უნდათ, რომ მოვუსმინოთ, ყოველგვარი შენიშვნებისა და რჩევების გარეშე, გამოვხატოთ მხარდაჭერა და ძალიან ხშირად, ისინი თვითონვე აგნებენ პრობლემის გადაჭრის გზებს.

მაგალითად, მოვიდა სკოლიდან, და ამბობს, რომ ძალიან დაიღალა და აღარ წავა სკოლაში, როდესაც მშობელი ეუბნება ასეთ ფრაზებს : "კარგი, რამ დაგღალა, შენ ხომ უკვე დიდი ბიჭი/გოგო ხარ, უნდა მოითმინო" და ა. შ. ეს ბავშვს ვერ დაეხმარება, შესაძლოა გაჯიუტდეს და მართლა უარი თქვას მეორე დღეს წასვლაზე. სანაცვლოდ, შეგვიძლია, მოვუსმინოთ და ვუთხრათ "როგორც ჩანს, მართლა დაღლილხარ, მომიყევი, რა იყო ყველაზე რთული და დამღლელი". როცა ასე მივმართავთ, ბავშვი გრძნობს, რომ გვესმის მისი, მოყვება, დაიცლება უარყოფითი ემოციებისგან და მეორე დილით შეიძლება საერთოდ არ ახსოვდეს, რომ სკოლაში წასვლას აპროტესტებდა," - განმარტავს ფსიქოლოგი.

სტრესულ გარემოსთან გამკლავება პირველკლასელთათვის - რა სირთულეებს ვაწყდებით აქ და რაზე გავამახვილოთ აქცენტი? როგორ დავაინტერესოთ ბავშვები, რომ მეცადინეობის პროცესი იყოს საინტერესო და არა იძულებითი და/ან სტრესის შემცველი?

"ერთ-ერთი მტკივნეული თემა, მშობლისთვისაც და მოსწავლისთვისაც, არის სახლში მეცადინეობის მშვიდობიანად წარმართვა. პირველ კლასში ბავშვი არ უნდა იყოს ისე დატვირთული მეცადინეობით, რომ სკოლა შეძულდეს, სწავლება უნდა ხდებოდეს შემეცნებითი აქტივობებით, სახალისო გარემოში, უმტკივნეულოდ. შესაბამისად, სახლში დავალებების შესრულებაც მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, რაიმე შემოქმედებითი დავალება უფრო მისაღებია.

თუ ბავშვი სახლში ასრულებს დავალებას და ხედავთ, რომ უჭირს, ნუ გააკეთებთ ამას მის ნაცვლად. შეეცადეთ, აჩვენოთ ერთ მაგალითზე და შემდეგ თავად შეასრულოს. როდესაც რაიმე არ გამოსდის, შენიშვნებს მოვერიდოთ და რაც კარგად გამოუვა, იმაზე შევაქოთ და წავახალისოთ. არ არის აუცილებელი, ყველაფერი საუკეთესოდ გამოსდიოდეს. სჯობს, სკოლაში წასვლა უხაროდეს და ერთი-ორი ასო ეშლებოდეს ერთმანეთში, ვიდრე ყველაფერი დავაზეპირებინოთ და სკოლაში წასვლა შევაძულოთ. საბოლოოდ, იმ ორ ასოს მაინც ისწავლის და სკოლაზე გულის აცრუება კი დიდხანს გაყვება," - განაცხადა ირმა როსტომაშვილმა.

აქვს თუ არა სკოლის სამზადისზე ზეგავლენა საბავშვო ბაღს და რას მივაქციოთ ყურადღება ამ ასპექტში?

"საბავშვო ბაღის როლი უმნიშვნელოვანესია. ის იქ ეუფლება ყველა იმ საწყის საჭირო უნარ-ჩვევას, რომლებიც შემდგომ სასკოლო საქმიანობაში დაეხმარება; ბაღში, სადაც აღმზრდელები და სხვა მზრუნველი პირები ორიენტირებულები არიან ბავშვების განვითარებაზე და სთავაზობენ მას შესაბამის აქტივობებსა და თამაშებს, ბავშვი იძენს საწყის დამოუკიდებლობის, ფიზიკურ, კოგნიტურ და სოციალურ უნარებს, ეს უნარები სკოლის პერიოდში მას ეხმარება თანატოლებთან ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაში, შემეცნებითსა და ფიზიკურ აქტივობებში წარმატებით ჩართულობაში, სასწავლო მასალის ათვისებაში და ა.შ." - განაცხადა ფსიქოლოგმა.

და ბოლოს, ზოგადად ნებისმიერი ასაკის სკოლის მოსწავლეზე, როგორ გადავიტანოთ ბავშვის ყურადღება არდადაგებიდან კვლავ სასკოლო რეჟიმში, სტრესის გარეშე?

"არდადეგების შემდგომ ზრდასრულებსაც უჭირთ კვლავ სამსახურის რეჟიმზე მორგება და ბუნებრივია, მოსწავლეებსაც არ ეთმობათ არდადეგების ლაღი დღეები. სასწავლო პროცესის განახლების დღიდან მოსწავლეები არ უნდა დავტვირთოთ სასწავლო მასალით. სასურველია, რაიმე გასვლითი ღონისძიებით, შემეცნებითი ტურით განახლდეს სასწავლო წელი," - აცხადებს ფსიქოლოგი ირმა როსტომაშვილი.

დღის ამბები