21 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
კულებას შემცვლელმა უწყების საკადრო წმენდა საქართველოდან და საკუთარი მოადგილიდან დაიწყო - რატომ გაიწვია კიევმა თბილისიდან დიპლომატი

კიევმა თბილისიდან ისევ გაიწვია დიპლომატი, თუმცა, ამჯერად, მიზეზი პოლიტიკური არ არის. საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის კარიერა არაეფექტურ მუშაობასა და სარეცხ მანქანებს შეეწირა.

კულებას შემცვლელმა უწყების საკადრო წმენდა საქართველოდან და საკუთარი მოადგილიდან დაიწყო. ხარაშინს, რომელიც წელს დანიშნეს, საქართველოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეცვლის თხოვნა არ აპატიეს, თუმცა ოპოზიცია მაინც ცდილობს, ეს ფაქტი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს.

უკრაინის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ, თავად განაცხადა, რომ მიხაილო ხარაშინს ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის პრიორიტეტები არ ესმის.

მიხაილო ხარიშინის გათავისუფლების შესახებ ინფომრაცია ანდრიი სიბიგამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მეტ დეტალზე სიბიგამ არ ისაუბრა. თუმცა, ის რაც მან არ თქვა, დაწერა უკრაინულმა მედიამ. მათი ინფორმაციით, საქართველოში უკრაინის მრჩეველმა-რწმუნებულმა თათბირზე, აქტუალურ საკითხად საელჩოში სარეცხის მანქანების შეცვლა დაასახელა და სწორედ ეს გახდა მიხაილო ხარიშინის გათავისუფლების რეალური მიზეზი.

რწმუნებულის გათავისუფლებაზე უკრაინის საელჩომ კომენტარი არ გააკეთა. მათ დღეს "კურიერის" არც სატელეფონო ზარებს უპასუხეს და არც - წერილობით გაგზავნილ კითხვებს.

ანდრიი სიბიგას გადაწყვეტილებას გამოხმაურება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მოჰყვა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მიზეზს ვერ ხედავს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში ფიქრობენ, რომ საკადრო ცვლილება, სავარაუდოდ, მართლაც დროებითი რწმუნებულის მიერ საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას უკავშირდება.

დღეს, ამ საკითხზე, მედიამ კითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც დაუსვა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ორი წლის წინ ელჩის გაწვევისგან განსხვავებით, მიხაილო ხარიშინის თანამდებობიდან გადაყენება აპოლიტიკური აქტია, რისი მიზეზიც დიპლომატის მხრიდან, ომში მყოფი ქვეყნის საჭიროებების ნაცვლად, საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ზრუნვა გახდა.

უკრაინას, 2 წელზე მეტია, საქართველოში, ელჩის ნაცვლად, დროებითი რწმუნებული ჰყავს. დიპლომატი ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისიდან 2022 წლის მარტში გაიწვია. ამ გადაწყვეტილებისა და საომარი მოქმედებების მიუხედავად, ქვეყანა არ დაუტოვებია უკრაინაში საქართველოს ელჩს. გიორგი ზაქარაშვილი კიევიდან მხოლოდ მას შემდეგ წამოვიდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, პატიმარი სააკაშვილის გადაცემის მოთხოვნით, ელჩს 48 საათში უკრაინის დატოვება და თბილისში კონსულტაციების გამართვა მოსთხოვა.

დღის ამბები