მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის მასშტაბური ოპერაცია გრძელდება. "ცახალი" ქალაქ ჯენინიდან გასვლას მანამ არ აპირებს, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს, რაც ქალაქში ექსტრემისტებზე ნადირობას გულისხმობს. ბოლო 10 დღეში, მათ 14 შეიარაღებული პირისა და 30-ზე მეტი ძებნილის აყვანა შეძლეს. მათი ცნობით, ადგილზევე მოხდა "ჰამასის" ლიდერის ლიკვიდაციაც, თუმცა ოპერაციას ჰყავს მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. დაღუპულია 21 ადამიანი.
ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციის სამიზნე მხოლოდ ქალაქი ჯენინი არაა. ქალაქ ტულკარმშიც იგივე მდგომარეობაა. მოსახლეობის ნაწილმა თავი უსაფრთხო ადგილს უკვე შეაფარა, ნაწილი კი ადგილზე დარჩა. ადგილობრივები გარდაცვლილებს გლოვობენ.
დამძიმებული ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო, ღაზას სექტორში პოლიომიელიტმა იფეთქა, რამაც ვაქცინაციის საჭიროება გააჩინა. პროცესი დაძრულია, თუმცა ანკლავის ჯანდაცვის სამინისტრო ისრაელს ბრალს დებს, რომ ის სამხრეთ ნაწილში სამედიცინო პერსონალს არ უშვებს. იმავე აზრზეა გაეროც, რომლის ცნობითაც, ყველაფერთან ერთად, გასულ თვეს საკვების გარეშე მილიონზე მეტი პალესტინელი დარჩა.
ხმაური იყო დღეს ისრაელშიც - პოლიციას დემონსტრანტების დაშლა მოუხდა, როდესაც მათ თელ-ავივში ერთ-ერთი ავტომაგისტრალისკენ მსვლელობა დაიწყეს. ქალაქში გამოსული დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია - ისინი ნეთანიაჰუს ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევას სთხოვენ. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა რაფაჰში, ტერორისტების გვირაბში, "ჰამასის" მიერ გატაცებული ექვსი მძევლის ცხედარი იპოვეს.
ნეთანიაჰუს მთავრობა გეგმის მიხედვით მოქმედებს, რაც "ჰამასის" საბოლოო განადგურებას გულისხმობს. ეტაპობრივად გრძელდება "ჰამასსა" და ისრაელს შორის მოლაპარაკებებიც, თუმცა - არსებითი გარღვევის გარეშე.