04 დეკემბერი 2024,   12:57
ვრცლად
კარგად იციან კეზერაშვილის პოზიცია, რომ ყველა იმ ადამიანს დაეხმარება, ვინც საქართველოს პროდასავლურ კურსს დაუჭერს მხარს, როგორც ჩანს, ამიტომ ებრძვიან გაშმაგებული - ირაკლი ნადირაძე

ქოლცენტრების საქმეზე პროკურატურაში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, უკვე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები. დავით კეზერაშვილის ქოლცენტრებთან კავშირზე "ნაციონალურ მოძრაობაში" ეხმაურებიან და საქმეს, რომლის გამოძიებაშიც, ქართულ მხარესთან ერთად, ევროპელი სამართალდამცავებიც მონაწილეობენ, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

"ყველა მსგავსი ტიპის ბრალდება, სადაც, მათ შორის, ასახელებდნენ ჩვენი უცხოელი პარტნიორების უწყებებს, აღმოჩნდა მტკნარი სიცრუე და თუ ვინმე აღმოჩნდა მსგავსი ტიპის ტრანსნაციონალურ დანაშაულში მხილებული, ეს არის "ქართული ოცნება" და ეს ყველაფერი დაადასტურა ჰელსინკის კომისიამ. ეს ყველაფერი სჭირდებათ ერთადერთი რამის გამო - მათ ძალიან კარგად იციან დავით კეზერაშვილის პოზიცია და განცხადებები, რომ ის ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ სამოქალაქო აქტივისტს თუ პარტიას, თუ ტელევიზიას დაეხმარება, ვინც საქართველოს პროდასავლურ კურსს დაუჭერს მხარს, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ებრძვიან ისინი გაშმაგებული დავით კეზერაშვილს," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთი წარმომადგენელი ირაკლი ნადირაძე.

თამარ კორძაიას შეფასებით კი, დღევანდელ პროკურატურას "არავითარი საერთო არ აქვს ნამდვილ საგამოძიებო პროცესებთან".

"მე ვისურვებდი საქართველოს პროკურატურისგან მომესმინა ბრიფინგები ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჰელსინკის კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნა საერთაშორისო მასშტაბის დანაშაულზე, რომელშიც პირდაპირ არის დადანაშაულებული საქართველოს ხელისუფლება. დღევანდელი პროკურატურა გახდა ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი და მას არავითარი საერთო არ აქვს ნამდვილ საგამოძიებო პროცესებთან," - აღნიშნავს პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთი წარმომადგენელი თამარ კორძაია.

ცნობისთვის, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, საქართველოს პროკურატურამ ქოლცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. უწყების ცნობით, ქოლცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დისა და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

 

დღის ამბები