21 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
სიძულვილის ენა და "ქართული ოცნების" ქალი დეპუტატების შეურაცხყოფა - ლაშა ბაქრაძე ახსნა-განმარტებებისთვის კულტურის სამინისტროში დაიბარეს

ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის, 2 დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს. დისციპლინარულმა კომისიამ, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის იმ შეურაცხმყოფელი მიმართვის შესწავლა დაიწყო, რომელიც ბაქრაძემ მმართველი ძალის ქალი დეპუტატების მისამართით გააკეთა. თავად ბაქრაძე, რომელიც ახლა სააკაშვილის პარტიის ქვეშ არსებული გაერთიანების სახეა, საკუთარი განცხადების გამო ბოდიშს იხდის. ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა ”ქართული ოცნების” ქალი წევრების მიმართ მოზომილი ფრაზები გამოეყენებინა.

უახლოეს პერიოდში, კულტურის სამინისტროს დისციპლინარული კომისია ლაშა ბაქრაძის განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, მანამდე თეა წულუკიანი პოლიტიკაში გადასულ პუბლიცისტს, რომელიც პარალელურად ლიტერატურის მუზეუმის დირექტორია, ახსენებს, რომ კულტურის სამინისტროს თანამშრომლად ითვლება და მისი, სამსახურებრივი მოვალეობები და ქცევები ხელშეკრულებაშია გაწერილი.

ლაშა ბაქრაძის სექსისტური განცხადების შეფასებისგან, მისმა თანამოაზრეებმა "ნაციონალურ მოძრაობაში" თავი შეიკავეს. მათთვის ბაქრაძის მხრიდან ბოდიშის მოხდამ საკითხი ამოწურა. სხვა ოპოზიციურ პარტიებში კი განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. გირჩისთვის მიუღებელია ოპონენტი ქალების მიმართ მსგავსი შეფასებების გაკეთება.

შეურაცხმყოფელი და სიძულვილით გაჯერებული განცხადება - ასეთი მმართველი ძალის პოზიცია. სახელისუფლებო გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის სტილი უცვლელია და ისინი მსგავსი მეთოდებით წინასაარჩევნო გარემოს რადიკალიზებას ცდილობენ.

ლაშა ბაქრაძემ, "ქართული ოცნების" ქალი დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება 2 დღის წინ, ვასო გოძიაშვილის პარკში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.

დღის ამბები