21 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
ISFED-ის ანგარიშის შეფასება - მმართველი ძალა არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშს პასუხობს, რომელიც "ოცნების" მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება

წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, სამართლიანი არჩევნების მიერ გამოქვეყნებული ანგარიში სახელისუფლებო გუნდისთვის მათი დისკრედიტაციის მცდელობაა. გივი მიქანაძე ISFED-ს მიკერძოებაში სდებს ბრალს. "ქართული ოცნების” წევრი ამბობს, რომ ამის საილუსტრაციოდ ისიც საკმარისია, რომ ანგარიშში არაფერია ნათქვამი ისეთ შემთხვევებზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ცრუ კამპანიის წარმოებას ეხება, ან საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერას უკავშირდება.

ბრალდებები ადრესატებმა დღეს უპასუხოდ დატოვეს. სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში, ISFED-მა გუშინ გაასაჯაროვა. დოკუმენტში არაერთ მიმართულებაზეა საუბარია. ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკურ პოლარიზაციაზე. დოკუმენტში წერია ისიც, რომ პოლარიზაციას გაღრმავებას ხელს უწყობს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება და ანტიდასავლური რიტორიკა.

ISFED-ის მიერ მომზადებულ ანგარიშს, ოპოზიციის ნაწილი ეთანხმება, ნაწილი კი ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის დროს მნიშვნელოვანია ამომრჩეველს საშუალება ჰქონდეს მიღებული ინფორმაცია სხვადასხვა ალტერნატიულ ანგარიშებში გადაამოწმოს.

სამართლიანი არჩევნების რეპუტაცია მმართველი გუნდისთვის დიდი ხანია დაზიანებულია. შესაბამისად, ISFED-ის დასკვნები სახელისუფლებო პარტიისთვის მნიშვნელოვანი არ არის. არასამთავრობო ორგანიზაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გაყალბებას ახსენებენ და ამბობენ, რომ რეალურად ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები მხარეა და კონკრეტული ოპოზიციური ძალების ინტერესის გამტარებელია.

წარსული გამოცდილების გამო ”ქართული ოცნება” სამართლიანი არჩევნების მიერ მომზადებულ ნებისმიერ ანგარიშს უნდობლობას უცხადებს. სახელისუფლებო გუნდი უცხოელ პარტნიორებს მიმართავს, ISFED-ის ანგარიშები განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყოს, რადგან ამ ორგანიზაციას პოლიტიკური ნეიტრალობა არ აქვს.

დღის ამბები