21 ნოემბერი 2024,   22:19
ვრცლად
ვანო მერაბიშვილის გარემოცვის რუსული კავშირები - რა რაოდენობის თანხას იღებდა რუსებთან ვაჭრობით სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან გურგენიძე

ლევან გურგენიძის ოჯახი ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, წლებია ჩეხეთში იმყოფება. ვანო მერაბიშვილის გარემოცვის გავლენიანი ფიგურა თბილისშია რეგისტრირებული. გურგენიძის დედა უარყოფს, რომ მისმა შვილმა რუს ოლიგარქებს საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა. ოჯახი ამბობს, რომ სოდის ყოფილ მაღალჩინოსანს ეს ბრალდება მოუგონეს

ოჯახი უარყოფს, თუმცა "კურიერის" მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, პოლიციამ პრაღაში ლევან გურგენიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კედელში დამალული 1,6 მილიონი ევრო იპოვა, დიდი ოდენობით თანხა აღმოაჩინეს მის საბანკო ანგარიშებზეც. როგორ იშოვა მილიონები ვანო მერაბიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრმა, რომელიც 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პრაღაში წავიდა და ჩეხეთის ორგანიზებული დანაშაულის ბიუროში დეტექტივად დასაქმდა. გამოძიების მასალებზე დაყრდნობით, ჩეხური მედია წერს, რომ ლევან გურგენიძემ ჩეხეთის პოლიციის ბაზაში დაცული ინფორმაციები, სავარაუდოდ გაყიდა.

პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქი ბორის როტენბერგი ერთ-ერთია, რომელიც ლევან გურგენიძის მიმართ დაწყებული გამოძიების მასალებში ფიგურირებს. ოპერაცია კოდური სახელწოდებით Altera ფარულად იკვლევდა როტენბერგის დამალულ აქტივებს ავსტრიაში, რომელსაც ჩეხეთში მცხოვრები ბიზნესმენი გიორგი ორჯონიკიძე მართავს. ჩეხური მედიის ინფორმაციით, სწორედ ორჯონიკიძეს მიაწოდა ლევან გურგენიძემ სპეცსამსახურების საიდუმლო ინფორმაცია, რაც იმ ფაქტითაც დადასტურდა, რომ საგამოძიებო უწყება რესტორან "ოლიმპოსში" ყოფილ მაღალჩინოსანსა და რუსი ოლიგარქის წარმომადგენელს შორის კონსპირაციულ შეხვედრას ფარულად იწერდა. ამ გამოძიების კონკრეტული დეტალები ჩეხურ პრესაში მოხვდა.

ჩეხეთში ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნის კიდევ ერთი კონტაქტი, ასევე რუსი მილიარდერი მიხაილ შიშხანოვია. საგამოძიებო დოკუმენტებით ირკვევა, რომ “ბინბანკის“ პრეზიდენტმა ლევან გურგენიძეს პოლიციის დახურულ ბაზებში რამდენიმე პირის გადამოწმება დაავალა.

გამოძიებით დგინდება, რომ სოდის ყოფილი მაღალჩინოსანი არასაჯარო ინფორმაციას აწვდიდა უკრაინაში მოღვაწე ბიზნესმენებსაც. ერთ-ერთი მათგანი კორპორაცია GlobalMoney-ის პრეზიდენტი ვიაჩესლავ სტრელკოვსკია, რომელსაც თავად უკრაინული მედია საეჭვო რუსულ კავშირებში ადანაშაულებს. აღმოჩნდა, რომ უკრაინელი მილიარდერი მეუღლესთან ერთად რუსულ პასპორტს და ბიზნეს აქტივებს ფლობს. საქმიანი წრეების გარდა, ყოფილ ქართველ მაღალჩინოსანს ახლო კონტაქტები აქვს კიევში, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებთანაც. ფაქტს "კურიერის" მიერ მოპოვებული ფოტოც ადასტურებს - კადრში ლევან გურგენიძესთან ერთად ჩანს ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე და უკრაინის კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნები.

"ნაციონალური მოძრაობა" ვანო მერაბიშვილის გარემოცვისა და რუსი ოლიგარქების კავშირზე კომენტარს არ აკეთებს. პარტიაში ირწმუნებიან, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მმართველ გუნდში კი ლევან გურგენიძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება არ გაჰკვირვებიათ.

ჩხრეკის, ბრალის წარდგენისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ პრაღის სასამართლომ ლევან გურგენიძე გირაოს ქვეშ გაათავისუფლა. პრესა წერს, რომ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში ეს იქნება პოლიციის უწყებიდან ინფორმაციის გაჟონვის ყველაზე მძიმე შემთხვევა.

დღის ამბები