21 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
მხარს ვუჭერ ყველა კანონს, რომელიც გააძლიერებს ქართულ ოჯახს - ლევან ხაბეიშვილი

"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები კეთდება. ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ ცვლილებები "ოცნების" საარჩევნო მიზნებს ემსახურება.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ის მხარს დაუჭერს ყველა კანონს, რომელიც დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებას შეეხება.

"რაც ეხება ძლიერ ქართულ ოჯახს, რომ ჩვენი დემოგრაფიული პრობლემები მოგვარდეს, მხარს ვუჭერ ყველაფერს, რაც გააძლიერებს ქართულ ოჯახს. ყველა კანონს, რომელიც ამას ხელს შეუწყობს," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ და პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

კანონპროექტთან დაკავშირებით, შეფასებებს აკეთებენ პარტია "საქართველოსთვის" წევრები. მიხეილ დაუშვილის თქმით, ისინი მხარს უჭერდნენ ორ პროექტს.

"მხარს ვუჭერდით 2 კონკრეტულ პროექტს, რომელიც ემსახურება ბარებსა და სკოლებში ბავშვების უფლებების დაცვას, მათ შორის, პროპაგანდის მიმართულებით. თავიანთი პროცედურული მანიპულაციებით, ისე გააკეთეს, რომ ჩვენ საშუალება არ მოგვცეს პროექტები, რომლებსაც მხარს ვუჭერდით, მხარდაჭერა დაგვეფიქსირებინა. გაიტანეს როგორც პაკეტი. არ გვქონდა ეგ ინფორმაცია, რომ ამჯერად ასე გამოდიოდა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ბავშვები დაცულები იყვნენ ნებისმიერი, მხოლოდ ლგბტ კი არა, ნებისმიერი პროპაგანდისგან," - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

შეფასებები გაკეთდა "გირჩშიც."

"არავინ არ განმარტა ზუსტად, რას ნიშნავს ლგბტ პროპაგანდა. თუ საუბარია გამოხატვის თავისუფლებაზე, მე არანაირ შემთხვევაში, არასდროს არ დავუჭერ მხარს, მაგრამ, როცა, მაგალითად, დღევანდელი მთავრობა ტრანსგენდერ კაცებზე ძალადობას ქალების ძალადობაში ითვლის, ეს შეიძლება ჩათვალოთ პროპაგანდად. ანუ მე ვხედავ, რომ ერთადერთი პროპაგანდისტი სინამდვილეში მთავრობაა," - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები