21 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საარჩევნო პერიოდში რადიკალური ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი შეიძლება აღმოჩნდეს პროვოკაციების ეპიცენტრში - არჩილ თალაკვაძე

საზოგადოებაში არავინ არის ისეთი, ვინც ასეთ უხარისხო ტყუილს დაიჯერებს, რომ თითქოს მთელი ხელისუფლება მომართულია ეძგვერაძის გასანეიტრალებლად, - ამ განცხადებით, არჩილ თალაკვაძე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ირაკლი ეძგვერაძის საქმეს ეხმაურება.

როგორც ის ამბობს, საარჩევნო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის" ტაქტიკაა, თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს.  

"არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საარჩევნო პერიოდში რადიკალური ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი შეიძლება აღმოჩნდეს პროვოკაციების ეპიცენტრში. ვინაიდან, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" ტაქტიკა ამ არჩევნებში არის ვიქტიმიზაცია, თავი წარმოაჩინონ მსხვერპლად, ამით როგორმე მოახდინონ გავლენა საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეების ემოციებზე. სინამდვილეში, საზოგადოებაში არავინ არის ისეთი, ვინც ასეთ უხარისხო ტყუილს დაიჯერებს, რომ თითქოს მთელი ხელისუფლება მომართულია ეძგვერაძის გასანეიტრალებლად. თუ რა მოხდა, ამას ძალიან მალე იტყვის გამოძიება და მერე ისე არ აღმოჩნდეს, რომ წინასწარ გაკეთებული განცხადებები, პოლიტიკური შეფასებები, დეზინფორმაცია - საბოლოო ჯამში, ამაზე ვინმეს ბოდიში ჰქონდეს მოსახდელი. კანონი დაიცვან და ასევე, მნიშვნელოვანია, არ შეუშალონ სახელმწიფო ინსტიტუტებს ხელი მართლწესრიგის დაცვაში," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

შეფასება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

"როდესაც სავარაუდო დამნაშავეს იჭერენ, გამოხტება ვიღაც და ხელს შეუშლის პოლიციას, არ უნდა დაიჭირონ, ვაიმე, პოლიტიკური დევნა არ დაარქვას ვინმემო?“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ინციდენტი გლდანში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებას ატარებდა, რა დროსაც, იქვე მცხოვრებმა ეძგვერაძემ მის სახლთან მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები გააპროტესტა, მას სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოუხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეძგვერაძემ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა და არანაირი შეხება არ ჰქონია მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებასთან.

 

დღის ამბები