21 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
რეჟისორი კირილ სერებრენნიკოვი, რომელიც პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი დიდი ხელოვანია და გერმანიაში მოღვაწეობს, თეა წულუკიანს სამადლობელი წერილით მიმართავს

თანამედროვეობის ერთ-ერთი აღიარებული რეჟისორი კირილ სერებრენნიკოვი, რომელიც პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი დიდი ხელოვანია და ამჟამად გერმანიაში მოღვაწეობს, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრს თეა წულუკიანს სამადლობელი წერილით მიმართავს:

"მსურს გამოვხატო უღრმესი მადლიერება კულტურის სამინისტროსა და პირადად თქვენს მიმართ, ჩვენი წარმოდგენის „ლეგენდის“ უხვი მხარდაჭერისათვის.

თქვენი თანადგომის მეოხებით, ჩვენ შევძელით მოწვევა საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის არაჩვეულებრივი მომღერლებისა, სვიმონ ჯანგულაშვილის სამხატვრო ხელმძღვანელობით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სპექტაკლის „ლეგენდის“ 6 წარმოდგენაში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „რურ-ტრიენალე“ ფარგლებში და ასევე, გამართეს ცალკე კონცერტი ფესტივალის მსმენელთათვის.

წარმოდგენებმაც და კონცერტმაც უდიდესი წარმატებით ჩაიარეს, მიიღეს საქებარი შეფასებები და მაყურებელთა აღტაცებული კომპლიმენტები. მრავალმა მათგანმა გამოხატა უსაზღვრო მადლიერება იმისათვის, რომ მოისმინეს გუნდი და ფანტასტიური ქართული ხმები.

ჩვენთვის უდიდესი პატივია თანამშრომლობა სახელმწიფო კამერულ გუნდთან და განსაკუთრებით, მათ მაესტროსთან სვიმონ ჯანგულაშვილთან, რომელსაც ჩვენ მივიჩნევთ არა მხოლოდ ექსტრა-ორდინალურ მუსიკოსად, არამედ უკიდურესად თანამდგომ კოლეგად, რომელიც დაგვეხმარა ამ ნაწარმოების ნამდვილ მუსიკალურ შედევრად გადაქცევაში.

მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ პროექტის ზეგავლენა გერმანულ და საერთაშორისო აუდიტორიაზე, ასევე მათი შეხება-გაცნობა ქართულ კულტურაზე, რაც შეუძლებელი იქნებოდა თქვენი სამინისტროს ჩართულობის გარეშე.

ჩვენი ჯგუფის თითოეული წევრი და პირადად მე ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა გვემუშვა ისეთ შთამბეჭდავ ტალანტებთან, როგორებიც არიან საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის მომღერლები და სვიმონ ჯანგულაშვილი.

კიდევ ერთხელ გმადლობთ თქვენ, რომ ირწმუნეთ ჩვენი პროექტისა და ხელოვნების მიმართ თქვენი ურყევი მხარდაჭერისათვის.

საუკეთესო სურვილებით

კირილ სერებრენნიკოვი "

სერებრენნიკოვი 2008 წელს, ომის დროს, დემონსტაციულად გამოხატავდა მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველების მიმართ.
სახელმწიფო კამერულმა გუნდმა სერებრენნიკოვის სპექტაკლში მონაწილეობის გარდა, გერმანიაში სოლო კონცერტიც გამართა. გუნდი გასტროლიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

დღის ამბები