21 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
არაკეთილმოსურნეებს სურთ, რომ „ნაცმოძრაობა“ დარჩეს პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში - ირაკლი კობახიძე

ვინმეს თუ უნდა ამ ქვეყანაში მუდმივად არაჯანსაღი ფონის შენარჩუნება, ე.წ. პოლარიზაციის, ჩაკეტილი წრის შენარჩუნება, მათთვის ბუნებრივია „ნაცმოძრაობის“ შენარჩუნება პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

 როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაკეთილმოსურნეებს სურთ, რომ „ნაცმოძრაობა“ დარჩეს პოლიტიკურ სისტემაში იმისათვის, რომ არასოდეს შედგეს ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა.

"ჩვენ გვაქვს განსხვავებული ინტერესი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა. ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ იმ ადამიანების მოწოდებებიდან გამომდინარე, რომლებსაც არ სურთ კარგი ამ ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესების შესაბამისად. დღეს გვაქვს ჩვენ განსხვავებული მოცემულობა, ვიდრე გვქონდა გასული 12 წლის განმავლობაში. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ დასრულებულია პროცესები ჰააგისა და სტრასბურგში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია 2008 წლის ომის დანაშაულის გამოძიებასთან. ჩვენ რომ დაგვეწყო ეს პროცესი მანამდე, შეიძლება, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს შექმნოდა პრობლემები ჰააგასა და სტრასბურგში, ახლა ეს პროცესები დასრულებულია, აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა მოხსნილია. ეს არის მთავარი ფაქტორი. გარდა ამისა, სხვადასხვა სირთულე გვქონდა თავის დროზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა 4 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს იყო 2016 წლიდან 2020 წლამდე, იყო სხვადასხვა ტიპის სირთულე, რაც არ გვაძლევდა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას. დღეს განსხვავებული ვითარებაა, დღეს გუნდი არის კონსოლიდირებული, სახელმწიფო არის ძლიერი, სუვერენული, დასრულებულია სასამართლო პროცესები ჰააგაში, სტრასბურგში. ამ ვითარებაში ჩვენ გვაქვს სწორედ იმ ნაბიჯის გადადგმის საშუალება, რისი საშუალებაც არ გვქონდა წინა 12 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები