21 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
81 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენითაც მიღებულია

19 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით მიღებულია. "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" ცვლილებები, პარლამენტმა ოპოზიციის ძირითადი ნაწილის მონაწილეობის გარეშე განიხილა. სწორედ ოპონენტების კრიტიკით დაიწყო შემაჯამებელი სიტყვა პარლამენტის თავმჯდომარემაც. ყველა, ვინც დღევანდელ განხილვას ბოიკოტი გამოუცხადა, სპიკერმა უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც 2 საათიან მუხლობრივ განხილვაში მონაწილეობდა "გირჩი" იყო. სწორედ მათი მხრიდან დაისვა შეკითხვები ცვლილებებზე, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოში აქცევს- ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს და ასევე, ზღუდავს ე.წ ლგბტ პროპაგანდას.

ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც საკანონმდებლო ორგანოში მივიდა, თუმცა განხილვას არ დაესწრო ამბობს, რომ ცვლილებები, სახელისუფლებო გუნდის საარჩევნო მიზნებს უკავშირდება. არიან ისეთებიც, ვინც ნებისმიერი სახის პროპაგანდას ემიჯნებიან, თუმცა ამის მიუხედავად, საკანონმდებლო პაკეტის მიღების საჭიროებას ვერ ხედავენ.

ოპონენტების ეს დამოკიდებულება არ უკვირთ სახელისუფლებო გუნდში, სადაც ბოიკოტში მყოფ პარტიებს ამომრჩევლის ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. უმრავლესობის ლიდერმა, დღეს თქვა ისიც, რომ ეროვნული მნიშვნელობის საკითხის იგნორირების გამო, ოპოზიციური პარტიები პასუხს 26 ოქტომბრის არჩევნებზე აგებენ. დღესვე, ე.წ ლგბტ პროპაგანდის საფრთხეებსა და საკანონმდებლო პაკეტის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა.

საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით მიღებას, ნაჩქარევად მიიჩნევს ევროკავშირი და გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს ხელისუფლებას ცვლილებების სრულად გადახედვისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები