21 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ბანერები - უმრავლესობა ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წინასაარჩევნო სტრატეგიას აკრიტიკებს

უმრავლესობის ლიდერი ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წინასაარჩევნო სტრატეგიას აკრიტიკებს. მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ "ნაცმოძრაობის" ახალ ბანერებზე პიარული შეცდომაა, რომელმაც რეალობა ასახა. საუბარია ბანერზე, სადაც, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, წარსულისკენ მიმართულ ვექტორზე "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ნომერია გამოსახული. მდინარაძის თქმით, ოპონენტები, წინასაარჩევნოდ, არც სიძულვილის ენის გამოყენებაზე ამბობენ უარს, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში აუცილებლად უნდა მოხვდეს.

საარჩევნო ბანერებისა და პიარსტრატეგიის შეცვლას "ნაციონალურ მოძრაობაში" არ აპირებენ. პარტიისა და მისი მთავარი საარჩევნო პარტნიორის - ”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები ამტკიცებენ, რომ მათი კამპანია ეფექტურად მუშაობს. რაც შეეხება მმართველი გუნდისთვის მიუღებელ ფრაზეოლოგიას - ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, ის "ქართული ოცნების" ქმედებებს ყველაზე რეალისტურად პასუხობს.

"ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ბანერებში სიძულვილის ენის ნიშნებს ვერ ხედავს გახარიას გუნდი. ექსპრემიერის პარტიის კრიტიკის სამიზნე დღეს მხოლოდ მმართველი გუნდი იყო. მათი აზრით, ოპოზიციის ყველა საპასუხო ნაბიჯი მისაღები და კანონზომიერია.

წარსული და ძალადობა - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დანახული "ნაცმოძრაობის" საარჩევნო კამპანია. სახელისუფლებო გუნდში დღეს თქვეს, რომ ოპოზიციის ვექტორი იმ ძალის ხელისუფლებაში დაბრუნებისკენ მიდის, რომელმაც, 9 წლის
განმავლობაში, არაერთი დანაშაული ჩაიდინა. კანონმდებლებს არც "ნაცმოძრაობის" მიერ კამპანიის დროს გამოყენებული ტერმინოლოგია უკვირთ. ამბობენ, რომ ოპოზიციას მოქალაქეებისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ელექტორატის მიმხრობას კვლავ "ნაცმოძრაობისთვის" ორგანული მეთოდით ცდილობს.

მოხვდება თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ბანერებზე განთავსებული ტექსტები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებში, 26 ოქტომბრის შემდეგ გახდება ცნობილი. ხელისუფლება დამკვირვებლებისგან სამართლიან მიდგომასა და, მათი თქმით, ზიზღის კამპანიის ღიად დაგმობას ითხოვს.

დღის ამბები