21 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
რამდენ პატიმარს შეეხება ამნისტია და რა ცვლილებები შევიდა პირველი მოსმენის შემდეგ - მუხლობრივი განხილვა დასრულებულია

ამნისტიის კანონპროექტი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატები დღეს რამდენიმე საათი განიხილავდნენ, 6 000-ზე მეტ პატიმარზე გავრცელდება. კანონის ძალაში შესვლისთანავე, პენიტენციურ დაწესებულებას 1 000 მსჯავრდებული დატოვებს, დაახლოებით 5 000-ზე მეტ პატიმარს კი ინიციატივა ეტაპობრივად შეეხება.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ამნისტიის პროექტი აუცილებელი და ჰუმანური აქტია, რომელიც საპატიმროში პატიმართა რაოდენობას შეამცირებს და ევროპულ სტანდარტს დაუახლოვდება. ამნისტია შეეხება 7 000 პრობაციონერსაც.

ინიციატივას, რომელიც "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის, დღეს დეპუტატები, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავდნენ. პირველი მოსმენის შემდეგ, პროექტში ცვლილებები შევიდა - დაემატა მუხლები, რომელზეც ამნისტია გავრცელდება და, ასევე, ჩამონათვალში შევიდა რიგი დანაშაულები, რომელსაც ინიციატივა არ შეეხება. დღეს, სხდომას საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიციიდან მხოლოდ "გირჩი" ესწრებოდა. კითხვებიც მმართველი ძალის წარმომადგენლებთან სწორედ მათ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ "გირჩი" ამნისტიის უფრო მეტ მუხლზე გავრცელებას ითხოვს, დეპუტატები მაინც მზად არიან, პროექტს მხარი დაუჭირონ.

განხილვაში მონაწილეობას აპირებდა გიორგი გახარიას პარტიაც, თუმცა, დეპუტატები ამნისტიის პროექტის მეორე მოსმენისას საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში არ გამოჩენილან, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კი თქვეს, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივას მხარს არ უჭერენ და თავად ალტერნატიულ პროექტს ამზადებენ, რომელსაც პარლამენტს არჩევნების შემდეგ, გამარჯვების შემთხვევაში, წარუდგენენ.

პროცესში მონაწილეობაზე ოპოზიციის მხრიდან უარის თქმა სახელისუფლებო გუნდს არ უკვირს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მათი ოპონენტებისთვის საქართველო და მისი მოქალაქეების ინტერესები მნიშვნელოვანი არ არის. საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ამნისტიის შესახებ პროექტი ორ მთავარ ფაქტორზე დაყრდნობით - მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ევროპული სტანდარტით შემუშავდა.

ამნისტიის შესახებ პროექტს საკანონმდებლო ორგანო მიმდინარე სასესიო კვირას მეორე მოსმენით დაამტკიცებს, მისი საბოლოოდ მიღება კი შემდეგ სასესიო კვირას მოხდება.

 

დღის ამბები