ბათუმიდან თბილისში მომავალი სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 300-მდე მგზავრი იმყოფებოდა, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე, ლიანდაგზე მდგარ რკინის დროებით კონსტრუქციას შეეჯახა. შემთხვევას ორი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები არიან. ისინი ლიანდაგზე გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ორივე მამაკაცის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
შემთხვევის შედეგად, არცერთი მგზავრი არ დაშავებულა. მოქალაქეებს, გარკვეული დროის განმავლობაში, გაჩერებულ მატარებელში მოუხდათ ყოფნა და, ინციდენტიდან დაახლოებით ორ საათში, ისინი რკინიგზის თანამშრომლებმა, სხვა მატარებლით, სადგურის მოედანზე გადაიყვანეს.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა შეჯახებისა და უბედურ შემთხვევის მიზეზი. ადგილზე უკვე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: სიმონ შანავა.