21 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
"მადლიერებას და უხერხულობას შორის ვარ, იმედია ამას ყველა სწორად გაიგებს" - შოთა არველაძე მისი ბავშვობის დროინდელ კორპუსის კედელზე მისივე მურალის მოხატვასთან დაკავშირებით

სახლზე, სადაც ფეხბურთელი შოთა არველაძე გაიზარდა, მისი გამოსახულების მურალი დახატეს. თავად შოთა არველაძის თქმით, მისი ბავშვობის ყველაზე დიდ ოცნებაშიც კი რთული წარმოსადგენი იყო, რომ სახლზე, სადაც გაიზარდა და სადაც არაერთი გამოჩენილი ადამიანი ცხოვრობდა, მისი გამოსახულების მურალს დახატავდნენ.

"რასაც ახლა ვწერ, ბავშვობის ყველაზე დიდ ოცნებაშიც რთული წარმოსადგენი იქნებოდა. რომ სახლზე, რომელშიც გავიზარდე, სადაც დღემდე ცხოვრობს ელდარ შენგელაია, ცხოვრობდა გოგი გეგეჭკორი, ბაადურ წულაძე, ვახტანგ ნინუა, ზურაბ (პიკო) ნიჟარაძე, გენიალური სულიკო ჟღენტი და არაერთი გამორჩეული ადამიანი, ჩემი გამოსახულებით უზარმაზარ მურალს დახატავდნენ.

როცა ვნახე, თავი ცოტა უხერხულად ვიგრძენი, პირველი ემოცია ეს იყო. დაბნეული და ამასთან ერთად, ძალიან გახარებული ვარ. ეს ფოტო ძალიან მიყვარს, იმ საუკეთესო წლებს ასახავს, რომელიც "აიაქსში" გავატარე და რომელიც ჩემი ბავშვობიდან ისეთივე კოსმოსად მოჩანდა, როგორც დღეს მადრიდის "რეალი" და "ლივერპულია".

აქ გავიზარდე, აქ ვთამაშობდით ფეხბურთს მთელი დღე, სხვათა შორის, ვინც აქ ცხოვრობდა ყველას ვუყვარდით, ყველა ცდილობდა, რომ ჩვენთვის ხიფათი აერიდებინათ და მხოლოდ ფეხბურთზე გვეფიქრა. დიდი მადლობა ასეთი იდეისთვის europebet-ს და შესანიშნავი შესრულებისთვის, ქუჩის ხელოვნების მოძრაობას "ნიკო", მხატვრებს დავით მჭედლიშვილს (დანტე) და გიორგი კალანდარიშვილს (პაბლო).

მადლიერებას და უხერხულობას შორის ვარ, იმედია ამას ყველა სწორად გაიგებს", - წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები