21 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
აზერბაიჯანის პრეზიდენტის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა უმრავლესობა მიიღო - როგორ დაკომპლექტდება მილი მეჯლისში მანდატები

125-ადგილიან დარბაზში ილჰამ ალიევის პარტიამ "ახალი აზერბაიჯანი" 68 მანდატი მოიპოვა. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თითქმის ყველა უბნის მონაცემები გაასაჯაროვა. შედეგად, აზერბაიჯანის მილი მეჯლისში ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად 57 მანდატის მოპოვება მოახერხეს.

აზერბაიჯანის ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებზე დასაკვირვებლად 112 749 ადგილობრივი დამკვირვებელი იყო რეგისტრირებული. პარალელურად, აზერბაიჯანში ჩავიდა 50 საერთაშორისო ორგანიზაციის 598 საერთაშორისო დამკვირვებელი. მათგან ყველაზე მეტი ეუთოს წარმომადგენელი იყო.

აზერბაიჯანში იმყოფება და პროცესებს აკვირდება ქართული დელეგაციაც. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, "ქართული ოცნების" დეპუტატები - დავით მათიკაშვილი, სავალან მირზოევი, ირაკლი ქადაგიშვილი და ზაურ დარგალი აკვირდებიან. აზერბაიჯანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩევნების მიმდინარეობა დემოკრატიულად შეაფასა და თქვა, რომ ის მშვიდ გარემოში ჩატარდა.

საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აზერბაიჯანში 2024 წლის ნოემბერში იგეგმებოდა, თუმცა, დეპუტატებმა, რომელთაგან 69 "ახალ აზერბაიჯანს" წარმოადგენდა, ხმა მის სექტემბერში გადმოტანას მისცეს. არგუმენტად კი გაეროს კონფერენცია დასახელდა, რომელიც ბაქოში ნოემბერში უნდა გაიმართოს. სწორედ ამიტომ, პარლამენტის თხოვნით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მე-6 მოწვევის მილი მეჯლისის დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი 28 ივნისს მოაწერა. აზერბაიჯანში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია მას შემდეგ, რაც ქვეყანამ სამხედრო მოქმედებების შედეგად მთიან ყარაბაღზე კონტროლი დაიბრუნა.

 

დღის ამბები