21 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
შეცვალა თუ არა საკუთარი პოზიცია მოძრაობამ "სირცხვილია" ზეწოლის შედეგად - როგორია მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის შეფასებები

"ფაშისტური მეთოდები ლიბერალიზმის სახელით" - ასე აფასებს მმართველი გუნდი მოძრაობა "სირცხვილიას" წინააღმდეგ რამდენიმე დღის წინ დაწყებულ კამპანიას. საუბარია ორგანიზაციის გადაწყვეტილებაზე, უცხოური ინტერესების გამტართა რეესტრში გაწევრიანების შესახებ, რასაც სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური სპექტრის მწვავე რეაქცია მოყვა. "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ წარსულში აქტიურად მოქმედმა "სირცხვილიამ" ჯერ თქვა, რომ დარეგისტრირება მათ ხელს არ შეუშლით, თუმცა მალევე, გამოქვეყნებული ვიდეო წაშალა და სიტყვაც უკან წაიღო. სახელისუფლებო პარტიაში ამ ფაქტს იმის მტკიცებულებად მიიჩნევენ, რომ მათი ოპონენტების უმრავლესობას დემოკრატიულ ღირებულებებსა და განსხვავებული აზრის პატივისცემასთან საერთო არაფერი აქვთ.

ოპოზიცია და მესამე სექტორი სოციალურ ქსელში გააკრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარემაც. შალვა პაპუაშვილმა დონორ ორგანიზაციებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მათ მიერ გამოყოფილი ფინანსები, რეალურად, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას და ბულინგს ხმარდება.

"სირცხვილიას" მიერ ერთ დღეში შეცვლილ გადაწყვეტილებას, მათზე ზეწოლას არ უკავშირებენ სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. ამბობენ, რომ ორგანიზაციამ ვიდეორგოლი საკუთარი სურვილით წაშალა, თუმცა თანამოაზრეების უკვე შეცვლილი პოზიციის მიუხედავად, მათ მორალურ პასუხისმგებლობაზე ისევ აქტიურად საუბრობენ.

ოპონენტების პოლიტიკური ოპერირების მეთოდები მიუღებელია მმართველი პარტიისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც "სირცხვილიამ" გამჭვირვალობის კანონი მისაღებად გამოაცხადა, ის უპრეცედენტო და ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი გახდა. თანამოაზრეების მხრიდან სრულად მოკვეთის მუქარა, შანტაჟი და ბულინგი - "ქართული ოცნების" წევრების თქმით, ეს ის შედეგებია, რომელიც ორგანიზაციამ ვიდეორგოლის გავრცელების შემდეგ მიიღო.

მოძრაობა "სირცხვილიამ" უცხოური გავლენის გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დარეგისტრირების სურვილი 3 დღის წინ საჯაროდ გამოთქვა. ახლა ინტერნეტსივრცეში მათი ვიდეო-მიმართვა აღარ იძებნება. უკანდახევის შემდეგ, აქტივისტები აღარც მედიასთან გამოჩენილან.

 

 

დღის ამბები