22 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისათვის საამაყოა თავდაცვის ძალების წევრობა, საქართველოს ჯარის გაძლიერება ყველა ჩვენგანის მოვალეობაა" - შალვა პაპუაშვილი თავდაცვის აკადემიის კურსანტებთან

"მოგესალმებით საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საამაყო სასწავლებელში, ადგილში, სადაც ყველაზე მეტი ენერგიით და ენთუზიაზმით ძგერს სამშობლოს მცველთა გულები. გილოცავთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის დღეს და სასწავლო კურსების წარმატებით დასრულებას!" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის მე-10 და საკანდიდატო კურსის მე-19 გამოშვებისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საერთო ძალისხმევის შედეგია, რომ ქართული ჯარის ავტორიტეტი და მისდამი მოსახლეობის ნდობა, ეროვნულ ინსტიტუტებს შორის, ყველაზე მაღალია.

მისი თქმით, თავდაცვის ძალებმა სამშობლოსადმი ერთგულება სიტყვითა და საქმით არაერთხელ დაამტკიცა. შესაბამისად, მათ  ხალხის ნდობა, იმედი, სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეს და ეს ყოველთვის ასე იქნება.

"დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანისათვის განსაკუთრებით საამაყოა თავდაცვის ძალების წევრობა. ათწლეულების განმავლობაში, როდესაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა დაკარგული ჰქონდა, უამრავი ქართველის ოცნება იყო, ყოფილიყო დამოუკიდებელი საქართველოს ჯარისკაცი. დღეს თქვენთვის ეს ოცნება რეალობად იქცა.

გილოცავთ სასწავლო პროგრამების წარმატებით დასრულებას. დღეიდან გექნებათ პატივი და უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ თქვენი ნიჭით, თქვენი განათლებით, თქვენი ყოველდღიური ძალისხმევითა და საქმიანობით კიდევ უფრო განამტკიცოთ სამშობლოს უსაფრთხოება და მშვიდობიანი მომავალი.

საქართველოს ჯარის გაძლიერება ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, ერისაც და ბერისაც, მთავრობისაც და ხალხისაც, ქალისაც და კაცისაც. ამიტომაცაა, რომ წლიდან წლამდე ვზრდით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს, განვამტკიცებთ ჩვენს თავდაცვის უნარიანობას, საუკეთესოდ აღვჭურვავთ ჩვენს ჯარს, ვაძლევთ ქვეყანაში საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობას. მთავრობა და პარლამენტი მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ, ერთი მხრივ, ქართული სახელმწიფო მშვიდობიანად განვითარდეს და მეორე მხრივ, კარგად მომზადებული და ყველაფრით უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს თავდაცვის ძალები. ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგია, რომ ქართული ჯარის ავტორიტეტი და მისდამი მოსახლეობის ნდობა, ეროვნულ ინსტიტუტებს შორის, ყველაზე მაღალია. ჩვენმა თავდაცვის ძალებმა სამშობლოსადმი ერთგულება სიტყვითა და საქმით არაერთხელ დაამტკიცა. შესაბამისად, თქვენ ხალხის ნდობა, იმედი, სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეთ და ეს ყოველთვის ასე იქნება.

მადლობას გიხდით ეროვნული თავდაცვის აკადემიის პედაგოგებს, რომლებიც აკადემიის რექტორის, ბრიგადის გენერლის მამია ბალახაძის ხელმძღვანელობით, სულს და გულს დებთ თავდაცვის ძალების ოფიცერთა ახალი თაობების აღზრდაში. განუზომელია თქვენი წვლილი სამშობლოს წინაშე.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულების და სტუდენტების ოჯახის წევრებს. თქვენ მაგალითს გვაძლევთ იმისას, თუ რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული და სამშობლოსადმი ერთგულება. მადლობა თქვენი პატრიოტიზმისთვის, მადლობა ასეთი შვილების აღზრდისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდ პატივს - გერქვათ ქართველი ოფიცერი - და გისურვებთ მშვიდობიან ცას, რადგან არავინ უფრო უკეთ არ იცის მშვიდობის ფასი, ვიდრე მან, ვისაც ამ მშვიდობის დაცვა აბარია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები