კიდევ ერთი დიდი ომის ბედი დღეს დოჰაში წყდებოდა. ყატარის დედაქალაქში ჩასული ისრაელისა და შტატების დაზვერვის პირველი პირები "ჰამასის" შუამავლების დარწმუნებას ცდილობდნენ - უპირობოდ გაათავისუფლონ მძევლები და ღაზის სექტორი ისრაელისთვის უსაფრთხო ზონა გახდეს.
ტერორისტული ორგანიზაცია ამ პირობებზე თანახმა არ არის და იერუსალიმს ულტიმატუმს უყენებს - "ცახალის" სრული გასვლა პალესტინური ანკლავიდან, ლტოლვილების დაბრუნება გადამოწმების გარეშე და ისრაელის ციხეებიდან პატიმრების გათავისუფლება. დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებებს თვალს ყურადღებით ადევნებდა თეირანი, რომელიც იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ღაზაში საბრძოლო ოპერაციას არ შეწყვეტს, მზად არის ქვეყანას ომი გამოუცხადოს. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ქაიროში გაიმართება.
48 საათიანი მსჯელობის შემდეგ კატარიდან პოზიტიური სიგნალი მოვიდა, რომ შესაძლოა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მომდევნო კვირას, კაიროში გაფორმდეს. გავრცელებული ცნობებით, აშშ-მა მხარეებს იმგვარი დოკუმენტი წარუდგინა, რომელშიც ყველა ღიად დარჩენილი საკითხი იყო გადაწყვეტილი. უცნობია, იქნება თუ არა მომდევნო შეხვედრაზე "ჰამასი", რადგან ისრაელის, კატარის, ეგვიპტისა და ამერიკის სპეცსამსახურებითა და დიპლომატებით სავსე მაგიდასთან დღეს პირდაპირი ფორმით არ მსხდარან. თუ ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, შესაძლოა თელ-ავივზე დარტყმა ირანმაც გადაიფიქროს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზოგადი მონახაზი ასეთია: ტყვეების სრულად დაბრუნების სანაცვლოდ, ისრაელმა პალესტინელი პატიმრები უნდა გაათავისუფლოს. "ჰამასი" ამბობდა, რომ ნეთანიაჰუ შეთანხმებას თავის პირობებს უმატებს. მიმდინარე კვირას მან მოითხოვა, ისრაელმა ღაზა-ეგვიპტის საზვარზე მდებარე ე.წ. ფილადელფიის დერეფანში კონტროლი შეინარჩუნოს.
ამ დერეფანში მხოლოდ მიმდინარე კვირას "ცახალმა", "ჰამასის" 50 საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინა. ჯამში, ისრაელს, ღაზაში, ექსტრემისტული ორგანიზაციის 17 000 სამხედრო ჰყავს განადგურებული. ეს არც მოლაპარაკებების ფონზე შეჩერებულა. იყო ღაზაზე დარტყმებიც და ისრაელისკენ ნასროლი რაკეტებიც, თან არაერთი მხრიდან. ისრაელი ლიბანში "ჰესბოლას" პოზიციებზე დატყმის ვიდეოს ავრცელებს. იმ დროს ბეირუთში აშშ-ის სპეციალური დესპანი იმყოფებოდა.
რეგიონში დღეს ბრიტანელი და ფრანგი საგარეო საქმეთა მინისტრებიც ჩავიდნენ. დიპლომატიური ვიზიტები იყო ისლამური სამყაროს სხვა ქვეყნებშიც. რეჯეფ ტაეპ ერდოღანს პალესტინის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასიმ მოსკოვის შემდეგ ჩააკითხა და მისგან მოისმინა, რომ ანკარა საერთაშორისო საზოგადოებაზე ზეწოლას განაგრძობს იმ მიზნით, რომ მათ ზეწოლა თავად ისრაელზე მოახდინონ.
მას შემდეგ, რაც ნეთანიაჰუს კონგრესში ტაშით შეხვდნენ, ერდოღანმა აშშ-ს აჩვენა, რომ ასეთივე სტუმარია მათთვის პალესტინელების ლიდერი. ამის დასტური იყო სტუმრის თურქულ პარლამენტში გამოსვლა, სადაც მან ღაზაში და იერუსალიმში ჩასვლა დააანონსა.
ცეცხლის შეწყვეტა რეგიონს სასიცოცხლოდ ესაჭიროება. 7 ოქტომბერს, "ჰამასის" მიერ სასტიკად მოკლული 1200 ისრაელელისა და ტყვედ აყვანილი 300-მდე ადამიანის შემდეგ, ისრაელმა "ჰამასის" განადგურება დაისახა მიზნად. თუმცა ღაზაში ტერორიზმთან ბრძოლას ტერორისტებზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათი რიცხვი 40 000-ს აჭარბებს. ამასთან, ანკლავი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. დაავადებებთან ერთად იქ შიმშილი მძვინვარებს.