კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების მიზნით, პოლიციამ ოპერაცია "გალია" დაიწყო, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის ქვედანაყოფები ბარსელონიდან გამოსასვლელ მაგისტრალებზე ავტომობილებს ამოწმებენ. სამართალდამცველები ესპანეთი-საფრანგეთის საზღვარზეც არიან მობილიზებული.
კატალონიის ყოფილი ლიდერი დღეს ესპანეთში დაბრუნდა და ბარსელონაში, ასობით მხარდამჭერის წინაშე, სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა.
პუჩდემონი ესპანეთიდან 7 წლის წინ, კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ გაიქცა. ესპანეთში კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის შესახებ ახალი კანონის ამოქმედების მიუხედავად, სასამართლომ სეპარატისტების დაპატიმრების ორდერები ძალაში დატოვა.