ვიტალი გუგუჩიას სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე ბებიამ გამოაცხადა. დაცვის მხარე ითხოვდა, მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ გამოეყენებინა.
გუგუჩიას პროკურატურამ ბრალი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის მუხლებით წარუდგინა. საუბარია POSTV-ს ჟურნალისტსა და ოპერატორთან მომხდარ დაპირისპირებაზე.
ოფიციალური ცნობით, ტელეკომპანიის თანამშრომლები, ინტერვიუს ჩაწერის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, რესპონდენტის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ.
პროკურატურა აცხადებს, რომ ვიტალი გუგუჩიამ მათ მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, რის შემდგომაც ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უწყება წერს, რომ ამ მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული საქმიანობის განხორციელება ვერ შეძლეს.