22 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
რომელიმე დანიელი კრიმინალის ფოტო რომ ყოფილიყო გამოფენილი, დარწმუნებული ვარ, საკუთარ საქმედ ჩათვლიდნენ და განმარტებებს გააკეთებდნენ, მაგრამ საკითხი ქართველ ხალხს ეხება და განმარტებებით თავს არ იწუხებენ - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" ლიდერები დანიის საელჩოსგან ისევ ელოდებიან განმარტებას, რატომ აღმოჩნდა მათ მიერ დაფინანსებულ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერი. საუბარია რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე, რომელიც საელჩომ დააფინანსა და რომელიც "ოცნებამ" ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიად შეაფასა. ღონისძიებაზე სახელწოდებით "დემოკრატიის ფესტივალი," რომელიც თელავში გაიმართა, მიხეილ სააკაშვილის ბანერები გამოფინეს და მისი გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, მსგავსი ფაქტები აჩვენებს, თუ რაში იხარჯება უცხოური დონორების ფინანსები.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში წინასაარჩევნო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს, განსაკუთრებით გამოიკვეთა პროცესში უცხოური ჩარევა.

"ავტორიტარიზმის ფესტივალზე", უცხო ქვეყნის დაფინანსებით, რადიკალური პარტიები ეწევიან წინასაარჩევნო აგიტაციას. უხეშად ხდება დარღვევა წინასაარჩევნო პროცესის. წინასაარჩევნო კამპანიისთვის, უცხოური დაფინანსებით, პლატფორმის მიცემა საარჩევნო პროცესში პირდაპირი ჩარევაა. მეორე მხრივ, ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის ბანერები და მისი რეკლამირება.

კრიმინალის რომანტიზება ხდება ასეთ წინასაარჩევნო აგიტაციის შეხვედრებში. იქ რომ ყოფილიყო გამოფენილი რომელიმე დანიელი კრიმინალის ფოტო, დარწმუნებული ვარ, საკუთარ საქმედ ჩათვლიდნენ და განმარტებებს გააკეთებდნენ. მაგრამ საკითხი ქართველ ხალხს ეხება და მათ მიმართ განმარტებებით თავს არ იწუხებენ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარი დანიის საელჩოს არც "კურიერის" წერილის საპასუხოდ გაუკეთებია.

დღის ამბები