აშშ-ის მიერ ჰიროსიმაზე ატომური ბომბის ჩამოგდებიდან 79 წელი გავიდა. ინფორმაციას Japan Times-ი ავრცელებს.
ჰიროსიმას მერის კაზუმი მაცუის განცხადებით, გლობალური პრობლემების გადასაჭრელად, სამხედრო ძალა და ბირთვული შეკავება აუცილებელი არ არის. მისი განმარტებით, დიალოგს კონფლიქტების დაძლევა შეუძლია და, მსოფლიოში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, პესიმიზმი საჭირო არ არის.
"ჩვენი ერთიანობა წაახალისებს ლიდერებს, რომლებიც ამჟამად ბირთვულ შეკავებას ეყრდნობიან, შეცვალონ თავიანთი პოლიტიკა. ჩვენ ეს შეგვიძლია”, - განაცხადა კაზუმი მაცუიმ.
მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებში, შეერთებულმა შტატებმა, ჰიროსიმაზე, 1945 წლის 6 აგვისტოს, ატომური ბომბი ჩამოაგდო, სამი დღის შემდეგ კი, იგივე ნაგასაკიზე გაიმეორა. აფეთქებებს ასობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა და ბევრმა გადარჩენილმა, რადიაციის ზემოქმედების შედეგად, "ჰიბაკუშას" სახელით ცნობილი გრძელვადიანი დაზიანებები და დაავადებები მიიღო.
ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, წლისთავის ცერემონიაში 109 ქვეყანა მონაწილეობდა და ღონისძიებას 50 000-მდე ადამიანი ესწრებოდა.