22 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
საქართველოს მთავრობისთვის გათვალისწინებული 95 მილიონიანი შეწყვეტილი დახმარება, შესაძლოა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის გადამისამართდეს - ვედანტ პატელი

საქართველოს მთავრობისთვის გათვალისწინებული 95-მილიონიანი შეწყვეტილი დახმარება, შესაძლოა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის გადამისამართდეს. ამის შესახებ ვედანტ პატელმა განაცხადა.

ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, ენტონი ბლინკენის მიერ საქართველოს მთავრობის მხარდასაჭერი პროგრამის შეწყვეტაზე და ორმხრივი ურთიერთობების გადახედვაზე ჰკითხა.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის პროცესშია და შემდგომი ნაბიჯების გადადგმას საჭიროების მიხედვით აპირებს.

სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გაიწვევს 95 მილიონი დოლარის დახმარებას, რომელიც საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ უნდა მიემართა.

"გვახსოვდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 80%-ს საქართველოს ევროკავშირში წევრობა სურს, მაგრამ საქართველოს მთავრობა, საკუთარი ქმედებებით, რომლებიც მათ შორის პარტნიორებსა და მოკავშირეებზე დეზინფორმაციის გავრცელებას ეხება, საკუთარ ხალხს ევროპულ მისწრაფებას აშორებს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.

უცხოური გავლენის შესახებ და სხვა პრობლემური კანონების გაუქმება, საკუთარი დეზინფორმაციის კამპანიის დასრულება, არჩევნების და წინა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ ჩატარება, ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრება - ეს ის ქმედებებია, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა იმ მხარდაჭერასთან, რომელსაც ამერიკა, როგორც პარტნიორი, ახორციელებს.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები განსაკუთრებულად რთულ მომენტშია, ქართველი ხალხისა და მისი მისწრაფებების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება აბსოლუტურად უცვლელია. განვაგრძობთ იმ პროგრამებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას, რომლებსაც საქართველოს ხალხისთვის სარგებელი მოაქვს.

დახმარების პროგრამები, რომლებიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების ხელშეწყობისთვის ხორციელდება, შეჩერდება იქამდე, ვიდრე ჩვენ ორმხრივი ურთიერთობის შეფასების მასშტაბურ პროცესში ვიქნებით. ზოგ შემთხვევაში, დახმარების პროგრამები შეიცვლება, რათა რესურსები პირდაპირ არასამთავრობო ორგანიზაციებისკენ მივმართოთ, რომლებიც გარკვეულ სექტორში მუშაობენ," - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი.

დღის ამბები