სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13.2 პროცენტით, ანუ 226.8 ლარით გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 519.4 ლარი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.2 პროცენტით მეტია;
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 956.5 ლარი – ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა;
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 672.7 ლარი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.0 პროცენტით მეტია;
მშენებლობა – 2 624.6 ლარი – ზრდამ 22.3 პროცენტი შეადგინა.
ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი – 1 540.0 ლარით, ხოლო კაცების 2 343.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 164.3 ლარი (11.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 289.8 ლარი (14.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საანგარიშო პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში 226.3 ლარით (12.9%) გაიზარდა და 1 985.4 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 069.0 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 8.8 პროცენტით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 035.1 ლარი, გაიზარდა 10.9 პროცენტით) სფეროებში ფიქსირდება.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 226.8 ლარით (13.8%) გაიზარდა და 1 870.0 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.