25 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", როგორც ჩანს სააკაშვილის მდგომარეობა გამოსწორებულია, გადაიყვანოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - ოპოზიცია მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ინიციატივაზე

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ოპოზიციაში ახალი დაპირისპირების მიზეზია - გიორგი გახარიას გუნდი ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს და ის "ვივამედიდან" ციხეში უნდა დააბრუნონ.

"სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მართლმსაჯულებას პასუხები უნდა გასცეს, გუშინ სასამართლო სხდომაზე, პალატიდან, პირდაპირ ეთერში პარტიულ თათბირს ატარებდა, გასცემდა დავალებებს, ალაგებდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელახალი გაერთიანების გეგმას, უკრაინულ ენაზე აკეთებდა განცხადებებს. ანუ, ლაპარაკობდა გარემოებებზე, რომელიც არანაირ კავშირში არ არის განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან, რისი უფლებაც მას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით არ აქვს. მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" შეწყვიტოს ეს წინასაარჩევნო სპექტაკლი. ნუ ეხმარება დაშლილ "ნაცმოძრაობას" ხელახლა გაერთიანებაში. თუ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გამოსწორებულია, და როგორც ჩანს, გამოსწორებულია, მაშინ გადაიყვანოს იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში," - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა.

რა მიზანი ექნება რეალურად "სუპერ პაკ-ს" და ვინ გაერთიანდება მასში - მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნა ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელი და არასერიოზულია. ნაწილი კი, ინიციატივის დეტალებს ელოდება.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას შეფასებით, ოპოზიციაში კოორდინაცია უნდა იყოს, თუმცა არა "ნაციონალური მოძრაობის" ეგიდით და მიხეილ სააკაშვილის გავლენის ქვეშ. მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე ენმ ძალიან ცუდ დღეშია.

ამასთან, "ლელოს" წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა არანაირ ერთიანობას არ უზრუნველყოფს. მისივე მტკიცებით, "ლელო" არანაირ ოპოზიციურ ფორმატში მონაწილეობას არ აპირებს და არც განიხილება სააკაშვილის შემოთავაზებაზე რაიმე ტიპის დადებითი პასუხი.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს. "ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი," - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, 20-25-კაციანი კომიტეტის ბირთვი, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა იყოს.

დღის ამბები